ტუროპერატორებისთვის ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო - გამოფენაზე საქართველო არაჩვეულებრივად იყო წარდგენილი, - ამის შესახებ Caucasus Travel-ის წარმომადგენელმა მაია კიკნაძემ ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პანდემიის შემდეგ ტურისტების მოზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ტუროპერატორებისთვის ამ გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ITB არის ერთ-ერთი ის პლატფორმა, სადაც ვხვდებით პარტნიორებს და მათთან თანამშრომლობით საქართველოში ტურისტები ჩამოგვყავს. 30 წელია რაც ITB ბერლინის ტურისტულ გამოფენაში ვმონაწილეობთ. პანდემიის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტების მოზიდვა. გამოფენაზე საქართველო არაჩვეულებრივად იყო წარდგენილი. ნაჩვენები იყო ღვინის სამშობლო, კულტურა, ქართული სამზარეულო, ღირსშესანიშნაობები, რაც ძალიან ხიბლავს ჩვენს სტუმრებს“,- ამბობს მაია კიკნაძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორმა შეხვედრები გამართა ადგილობრივი კერძო სექტორის, ავიაკომპანიების და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას და უზრუნველყოფს მეტი ევროპელი ტურისტის შემოდინებას ქვეყანაში.