„გირჩის“ ერთ-ერთი წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იყო „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, ეს იყო პასუხი იმ ძალაზე, რომელიც მათ ქუჩაში დაინახეს.
„კი, „ქართულ ოცნებას“ აქვს უნარი, დაინახოს ძალა და იმ ძალის ადეკვატურად უპასუხოს, უბრალოდ, რატომ ჩაიყენეს თავი ასეთ მდგომარეობაში, ამდენი გინება და ლანძღვა რისთვის აიტანეს, ამის ლოგიკას ვერ ვხედავ. პირველივე დღესვე რეაქცია ისეთი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებოდნენ ჩვენი ქვეყნის მომავლის ხაზის გადასმას ნებისმიერი კანონის სანაცვლოდ. ეს რომ უფრო ადრე ვერ დაინახეს, მათი პოლიტიკური შეცდომაა, თორემ უკან რომ გამოითხოვეს [კანონპროექტი], კარგია“, - განაცხადა ჰერმან საბომ.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით გუშინ ჩააგდო.
საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო. აღნიშნული პროექტების საპროტესტოდ პარლამენტთან მესამე დღეა საპროტესტო აქციები იმართებოდა, მათ შორის 7-8 მარტს, დემონსტრანტების დასაშლელად სპეცრაზმი, წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. აქციების განმავლობაში პოლიციამ ჯამში 133 ადამიანი დააკავა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეები 2 დღის წინ გაათავისუფლეს.