საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი საქართველოს მინერალურ ბაზას, არსებულ პრობლემებსა და პერსპექტივებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო- გეოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტი ნათია ჩომახიძე, პროფესორ ნოდარ ფოფორაძის ხელმძღვანელობითა და პროფესორ ალექსანდრე თვალჭრელიძის თანახელმძღვანელობით, საქართველოს მინერალურ-რესურსულ ბაზას, არსებულ პრობლემებსა და პერსპექტივებს იკვლევს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის - „საქართველოს მინერალურ-რესურსული ბაზა, არსებული პრობლემები და პერსპექტივები“, მიზანია საქართველოს მინერალურ-რესურსული ბაზის სტატისტიკური და ეკონომიკური ანალიზი, საკანონმდებლო, მაკონტროლებელ და მარეგულირებელ სფეროებში მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ქვეყნის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება, საქართველოში მოქმედი საბჭოური კლასიფიკაციით გამოთვლილი მარაგების, მეტალური და არამენტალური საბადოების რესურსების/მარაგების JORC და CRIRSCO-ს კოდექსების შესაბამისად კონვერტაცია.

როგორც დოქტორანტი ნათია ჩომახიძე აცხადებს, კვლევები შესაძლებლობას იძლევა მთლიანობაში გააანალიზოს და აღწეროს საქართველოს მინერალური რესურსები, როგორც ეროვნული სიმდიდრე. ასევე, რესურსების მთავარი ეკონომიკური და გეოლოგიურ-ტექნოლოგიური მახასიათებლები, რაც საფუძველს მისცემს მკვლევარს განსაზღვროს რესურსების მნიშვნელობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით.

„დღეს არსებული სამთო კანონმდებლობა და მინერალური რესურსების სახელმწიფო მართვის მრავალი პრობლემატური საკითხი, მათი ათვისების ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორია. პროექტის ფარგლებში ჩატარდება გეოლოგიური მასალების მოკვლევა-მოძიება და გეოლოგიური მონაცემების დამუშავება თანამედროვე გეოსაინფორმაციო სისტემებით. წარმოდგენილი იქნება დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საერთაშორისო სამთო სტანდარტებისა და პრინციპების დამკვიდრებას. ასევე, რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს მინერალური რესურსების საკუთრების უფლებებისა, ლიცენზირების და საგადასახადო პოლიტიკის მართვის განსხვავებული შერეული სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც დაეყრდნობა განვითარებულ ქვეყნებში არსებულ წარმატებულ პრაქტიკას. ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები, სადაც შეჯამებულია შედარებით მცირე საფონდო ბირჟებზე დაშვების მოთხოვნები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქართულ სამთო კომპანიებს საფონდო ბირჟებზე დაშვებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას. კვლევისას განვიხილავთ სახელმწიფოს მხრიდან სამთო კანონმდებლობასა და პოლიტიკაში გასატარებელ ცვლილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საერთაშორისო ინვესტორზე მორგებული საინვესტიციო გარემოს შექმნასა და მდგრად განვითარებას“, - განაცხადა დოქტორანტმა.

თემის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოდარ ფოფორაძის თქმით, კვლევის შედეგად მიღებული შედეგებით შესაძლებელი გახდება მინერალურ-რესურსული ინფორმაციის ერთ სისტემაში მოყვანა.

„კვლევის შედეგად მიღებული შედეგებით შესაძლებელი გახდება მინერალურ-რესურსული ინფორმაციის სისტემაში მოყვანა და ერთ საერთაშორისო (JORC) კლასიფიკაციაში ჩამოყალიბება. ეს საშუალებას მისცემს მეცნიერებს და პრაქტიკოსებს საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის საერთაშორისო ნორმებით შეფასებაში, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეროვნული მინერალური რესურსების ეკონომიკური რეფორმის გატარებას. დისერტაციაში ეკონომიკურად შეფასებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა ეკონომიკური ტიპის მინერალური რესურსი (საბადო, გამოვლინება, პერსპექტიული უბანი), ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას. ნაშრომში მოყვანილი რეკომენდაციები ხელს შეუწყობს სამთო სექტორის ზრდასა და განვითარებას, მათ მდგრად ფუნქციონირებას და საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრაში მოსვლას. შესაბამისად, მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ექსპორტის, საბიუჯეტო შემოსავლების, მშპ-სა და დასაქმების მაჩვენებლების ზრდას. საშუალო და საშუალოზე დაბალი განვითარების მქონე ქვეყნებში სამთო სექტორის შეტანილი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანია. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მინერალური რესურსების ერთიანი საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც სინქრონიზებული იქნება ანგლოსაქსურ გეოლოგიური ანგარიშგების სტანდარტებთან, შესაძლებელს გახდის ერთიანი მიდგომით ეკონომიკურად გაანალიზდეს საქართველოს მინერალური სანედლეულო ბაზა და დაისახოს მისი ათვისების პრიორიტეტები“, - განაცხადა პროფესორმა ნოდარ ფოფორაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში იგეგმება აქტიური თანამშრომლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და იქ შემავალ ინსტიტუტებთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და იქ შემავალ კვლევით ინსტიტუტებთან, სამთო ინსტიტუტთან, გაეროს მინერალური რესურსების კომისიასთან.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა