გიორგი ვაშაძე - ირაკლი ღარიბაშვილი თავხედურად იხსენიებს ახალგაზრდებს და იმუქრება, მისი მუქარის არავის ეშინია - არც ერთ ახალგაზრდას ხელი არ დაადოთ!

სამი პოლიტიკური პარტიის, „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერების განცხადებით, წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მისაღებად, პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო სექტორმა და მოქალაქეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ და უნდა იყოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სრული კონსოლიდაცია.

როგორც მათ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, მათ გარკვეული ტიპის კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვთ.

„გასულმა დღემ და თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ, სინამდვილეში, ეს სისტემა, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, არც ისე ძლიერია და არსებობს გზა, როგორ შეიძლება ამ სისტემას უკან დავახევინოთ. მნიშვნელოვანი რაც არის, არის ის, რომ ყველამ გავიაზროთ - ეს იყო ერთი ბრძოლა, რომელშიც გამარჯვება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ყველამ ერთად შევძელით, რომ ივანიშვილმა უკან წაიღო რუსული კანონი, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. გვესმის, საზოგადოებაში არის ძალიან მაღალი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და ისიც გვესმის, რომ პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე. უნდა გავიაზროთ, რამ მოიტანა ეს გამარჯვება, რა იყო ის ფაქტორები, რის გამოც ჩვენ შევძელით ამ შემთხვევაში, სისტემის დამარცხება. ჩვენი აზრით, ეს იყო ის, რომ იყო ძალიან გასაგები კონკრეტული მოთხოვნა, რა იყო გასაკეთებელი და ჩვენი საგარეო პარტნიორების მხრიდან იყო მკაფიო, გასაგები, არაორაზროვანი გზავნილები, დაცლილი ყოველგვარი დიპლომატიური ენისგან. ახლა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანამ წლის ბოლოს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და ისტორიული შანსი ამ ქვეყანას არ აქვს. ფორმულა გვაქვს, წინა დღეების განმავლობაში ვნახეთ როგორ უნდა დაიხიოს სისტემამ უკან. ამ ფორმულის გამოყენებით უნდა ავარჩიოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, კონკრეტული მოთხოვნები და ისევ უნდა ვცადოთ, ყველამ ერთად, კონსოლიდაცია როგორც საგარეო ფრონტზე, ისე ქვეყნის შიგნით ყველა პოლიტიკური ძალის, სამოქალაქო სექტორის და ცნობადი სახეების. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ასეთი ტიპის კონსულტაციები, ვაპირებთ კონსულტაციების გაგრძელებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. ამასთან, როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ახლა საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი არ უნდა მოდუნდეს.

„არ უნდა მოვდუნდეთ. ჩვენ ვნახეთ, რომ დაიხიეს უკან, რუსული კანონი გაიტანეს, მაგრამ რეჟიმი კვლავ არის ამ ქვეყანაში, რომელიც რუსეთთან კვლავ სინერგიაში საუბრობს კონკრეტული მესიჯებით. ჩვენ ვნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი როგორ თავხედურად, როგორ მხდლად იხსენიებს ახალგაზრდებს, როგორ იმუქრება. მისი მუქარის არავის ეშინია. ვეუბნები პირადად, არცერთ ახალგაზრდას არ დაადოთ ხელი! არცერთ მშვიდობიან მანიფესტანტს! ჩვენ ყველას დავუდგებით გვერდით და ერთიანობით არ მიგაცემინებთ პასუხისგებაში. პირიქით, პასუხისგებაში უნდა მიეცეთ თქვენ ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მანიფესტანტები დაარბიეთ!

არსებობს ძალიან კონკრეტული მოთხოვნები ევროკავშირის მხრიდან, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რომ მიიღოს ევროკავშირის სტატუსი. ვეუბნები, იგივე კობახიძე- ღარიბაშვილს, თქვენი თაღლითური კანონები ამიერიდან აღარ გავა და უნდა იყოს სწორედ ისეთი ინიციატივები, რომლებიც ამ მოთხოვნებს შეასრულებს. საზოგადოებას მივმართავ, ძალა ერთობაშია, ჩვენ გვაქვს ფორმულა როგორ შეგვიძლია, თითქოსდა დაუმარცხებელ რეჟიმს დავახევინოთ უკან. ისინი არიან ძალიან სუსტები, ჩამოშლილები. არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ იმ მუქარების განხორციელების შესაძლებლობა რაც გუშინ იყო, დასუსტებული მართლაც არარაობის, ღარიბაშვილის მხრიდან, რომ მან რამენაირად შეძლოს მშვიდობიან დემონსტრანტებზე ანგარიშსწორება,“- განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა