ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტო გარკვეული კომპანიების მიერ იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ზრდის ფაქტის წინასწარ შეფასებას ახორციელებს

ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტო გარკვეული კომპანიების მიერ იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ზრდის ფაქტის წინასწარ შეფასებას ახორციელებს

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, გარკვეული კომპანიების მიერ იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ზრდა მოხდა, რაზეც ჯერჯერობით სააგენტოს მოკვლევა არ დაუწყია.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანიებთან კომუნიკაციის შედეგად იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასების ზრდის საკითხი აღმოფხვრა.

"მოულოდნელად რიგ მედიკამენტებზე, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ, ხელმისაწვდომ მედიკამენტებზე ფასის ზრდა მოხდა. კარგია, რომ საკითხი რამდენიმე დღეში ამოიწურა და ეს აქტიური კომუნიკაციის შედეგი იყო, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო კომპანიებთან ახორციელებდა. ამ პროცესში ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართული. ამ ეტაპზე სააგენტო ამ ფაქტის წინასწარ შეფასებას ახორციელებს, კომპანიებისგან რიგი განმარტებები მიღებული გვაქვს. ამ მიმართულებით კომუნიკაციას ვაგრძელებთ. იმ შემთხვევაში თუ მოკვლევას დავიწყებთ, ბუნებრივია, ამის შესახებ საზოგადოებას ვაცნობებთ. მოკვლევის დაწყების შემთხვევაში საფუძველი არის ფასის ზრდის მომენტი. ჩვენ გვაინტერესებს, ეს ფაქტი რამდენად ობიექტურ გარემოებებთან იყო დაკავშირებული. მეორე მხრივ, თუ გაძვირებული მედიკამენტების ჩამნაცვლებლები ბაზარზე დომინანტი კომპანიები იქნებიან, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საკითხი განხილული იყოს, როგორც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესება, თუმცა ეს წინასწარი ვარაუდებია. დავუწყებთ თუ არა მოკვლევას, ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება”, - აღნიშნა ლექვინაძემ.

მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს ერთ-ერთი რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროსთვის ჰოლდინგურ ჯგუფებთან მიდგომის ჩამოყალიბება იყო.

"დღევანდელი მოცემულობით ბაზარზე მაღალი კონცენტრაცია გვაქვს მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფების. სამი მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფის წილი დაახლოებით 80% -მდეა, რაც ნიშნავს ჯგუფური დომინურობის მოცემულობას. ჩვენი მონიტორინგის ანგარიში განვმარტეთ, რომ დღეს არსებული ჰოლდინგური ჯგუფები იმ სისტემაში, რომელიც გასულ წლამდე იყო, სანამ სისტემური რეფორმები დაიწყებოდა, ორიენტირებული საკუთარი წარმოების ან საკუთარი იმპორტირებული, ხშირ შემთხვევაში მაღალ მარჟიანი, ძვირადღირებული მედიკამენტების რეალიზაციაზე იყო. სისტემური რეფორმების შემდეგ, როგორიც არის: ჯენერიკული რეცეპტები, ელექტრონული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტების შემოღება, რომელიც ზოგი დანერგილია და ზოგი დანერგვის აქტიურ პროცესშია, ჰოლინგური ჯგუფები, ისევ ამ მოცემულობით მუშაობას გააგრძელებენ, ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ის, რომ ჩამოყალიბდეს მიდგომა ჰოლდინგურ ჯგუფებთან მიმართებით, თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ სექტორში პოლიტიკის გამტარებელი უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო ეს, რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია. ჩვენ მზად ვართ ამ პროცესებში აქტიურად ვიყოთ ჩართული”, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.