გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბრიდან გრუნი საფრანგეთის რენის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კონსორციუმს შეუერთდა, რომელშიც გაერთიანებული 5 ქართული უნივერსიტეტიდან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება მხოლოდ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტია.
მათი ცნობით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს, როგორც გამორჩეულ პარტნიორს, რენის უნივერსიტეტიდან ფრანგი სტუმრები ეწვივნენ, მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი მურიელ ისლერი, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე ალექსანდრა რიხტერი, კოოპერაციისა და პროექტების განყოფილების დირექტორის მოადგილე იოლეინ ბომპეი და ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი ევა ბერტრანი იყვნენ.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოში კამპუს ფრანსის წარმომადგენელი ნათია მსხალაძე დაესწრო.
„სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის სასწავლო გარემო, ლაბორატორიები, რის შემდგომაც აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
გრუნის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ ფრანგ სტუმრებს მრავალწლიანი პარტნიორობისა და ერთობლივად განხორციელებული პროექტებისათვის მადლობა გადაუხადა. კამპუს ფრანსის წარმომადგენელს საქართველოში, ნათია მსხილაძეს, კი გადასცა მადლობის წერილი ფრანგულ პროექტებში გრუნის სტუდენტების მონაწილეობის ხელშეწყობის გამო.
შეხვედრის დასასრულს, დოქტორ მურიელ ისლერმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს რენის უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექსიკური ბაზა, საგანმანათლებლო პროგრამები და კვლევითი საქმიანობა დეტალურად გააცნო. მხარეებმა ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე სამართლის მაგისტრატურის სტუდენტმა ელენე სვანიძემ, რომელიც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ერთი წელი სწავლობდა „სიანს პო რენის“ უნივერსიტეტში, ქართულ-ფრანგულ ენებზე მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ორივე უნივერსიტეტს, გამოჩენილი მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის, მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.