საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, სამშენებლო კომიტეტის სხდომის ფარგლებში, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებსა და სამშენებლო ნებართვების გაცემის პირობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
ასოციაციის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს მთავრობის N255-ე დადგენილება, რომელიც მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესებსა და პირობებს ეხება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დადგენილებით გათვალისწინებული გარკვეული ნორმები, კერძოდ ე.წ. „სამყოფისათვის გამოყენებული ფართობის“ არსებული განსაზღვრება, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის სადისკუსიო საკითხს წარმოადგენს, რადგან ეს სექტორში მოღვაწე კომპანიების ინტერესებს აზიანებს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად განაგრძობს იმ საკითხებზე მუშაობას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი წევრი კომპანიებისთვის. სწორედ მათთან კონსულტაციის საფუძველზე მოხდა გარკვეული საკითხების იდენტიფიცირება სამშენებლო მიმართულებით, რომელიც ეხება როგორც მშენებლობის ნებართვებსა და ექსპლუატაციის წესებს, ასევე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობის უსაფრთხოება და მომხმარებლის კმაყოფილება, თუმცა არსებობს გარკვეული ტექნიკური საკითხები, რომლის პოზიტიური გადაწყვეტა მნიშვნელოვანია სამშენებლო სექტორისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ არგუმენტირებული კომუნიკაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ამ საკითხების გადაჭრა“ , - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
ბიზნეს ასოციაცია განმარტავს, რომ საუბარი მთავრობის N41-ე დადგენილებასაც შეეხო, რომელიც არეგულირებს შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები, როგორც სექტორში მოღვაწე პასუხისმგებლიანი კომპანიები, აცხადებენ, რომ უსაფრთხოების კომპონენტი მათთვის უმთავრესი პრიორიტეტია, ვინაიდან აღნიშნული სრულ თანხვედრაშია კომპანიების საქმიანობის პრინციპებთან, თუმცა, ისეთი ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ავტოსაშხეფი სისტემების მონტაჟი და მისი გამოყენების წესები, საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს.