ყველა ის პროცესი, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, „ქართულ ოცნებას“ ყოველდღიურად მეტად და მეტად დაასუსტებს, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, მმართველი გუნდი რამდენიმე დეპუტატმა დატოვოს.
ბოტკოველის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობის არსი აღარ არსებობს.
„ერთი რამე აშკარად გამოაჩინა ამ დღეებმა, რომ ამ ქვეყანაში დაიმსხვრა სისტემა, დაიმსხვრა შიში და დაიმსხვრა რეჟიმი. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ სიმყარეს, არ შეიძლება „ქართული ოცნება“ იყოს მყარად. ყველა ის პროცესი, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ყოველდღიურად მეტად და მეტად დაასუსტებს „ქართულ ოცნებას“. ყველა ამ პროცესმა და მათმა შეფასებებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ უმრავლესობა არ არსებობს, რომელიც ხალხის მხრიდან ნდობას იმსახურებს. სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობის არსი უკვე ფაქტობრივად აღარ არსებობს“, - განაცხადა ბოტკოველმა.