ერთია პუტინისტური რეჟიმის მავნებლური ნაბიჯის შეჩერება და მეორეა ქვეყნის რეალური წინსვლა. პირველი ასეთი ეფექტური პროტესტითაა შესაძლებელი, ხოლო მეორე შეუძლებელია ხელისუფლების შეცვლის გარეშე , - ამის შესახებ ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რა დროსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები შეაფასა.
მისივე თქმით, ის, რაც ბოლო დღეებში მოხდა, ჩვენი საზოგადოების, პირველ რიგში ახალგაზრდების ძალის დემონსტრირებაა.
„ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი ყველა სკეპტიკოსისთვის, ვინც უიმედობაში იყო გადავარდნილი, რომ ჩვენ გვაქვს საფუძველი თავისუფალი, უსაფრთხო, ევროპული, დასავლური ქვეყანა ავაშენოთ, რაც ჩვენს ისტორიულ მისიას წარმოადგენს.
რა თქმა უნდა, ჩვენ მყისიერად უნდა ვიყოთ მზად რეაქციისთვის პრემიერის გუშინდელი გამოსვლის ფონზე, თუ კი ამ პუტინისტურმა რეჟიმმა იმ რეპრესიების განხორციელება გაბედა, რომელიც პრემიერმა გუშინ უტიფრად დააანონსა.
ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე ჩავლილი მოვლენების ფონზე რამდენიმე ფაქტი შევაჯამოთ: რა მოიტანა ის შედეგი, ის წარმატება, რასაც ამ ეტაპზე უდავოდ წარმატება უნდა ვუწოდოთ - ეს მოიტანა მკაფიო გზავნილმა იმ საზოგადოების მხრიდან, ვინც რუსთაველზე იდგა, მკაფიოდ ნათქვამმა ამოცანამ და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო რეაქციამ, ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ეს.
თუმცა ერთია პუტინისტური რეჟიმის მავნებლური ნაბიჯის შეჩერება და მეორეა ქვეყნის რეალური წინსვლა. პირველი ასეთი ეფექტური პროტესტითაა შესაძლებელი, ხოლო მეორე შეუძლებელია ხელისუფლების შეცვლის გარეშე“, - ამის გიგა ბოკერიამ.
ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ იმ საპროტესტო ენერგიას, რომელიც ჩვენ რუსთაველზე ვნახეთ, ქვეყანაში ცვლილებების მხარდამჭერ პოლიტიკურ ენერგიად გარდაქმნა სჭირდება.
„გეოპოლიტიკური მოსაზრებებით ჩვენ კანდიდატის სტატუსი რომც მიგვეღო, ან მივიღოთ მომავალში, რაც ძალიან დიდი განაცხადი იქნება, იმიტომ რომ ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, თუ ჩვენ არ გვეყოლება პროდასავლური, ანუ ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება, ეს ჩვენ არ გვიშველის. ჩვენ ვერ გავხდებით ნატო-ს წევრი, რეალურად ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს, რეალურ გარდაქმნას ვერ მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის შიგნით ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის პირობებში.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გზავნილი ყველა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ძალის მხრიდან მკაფიოდ იქნეს დაფიქსირებული. იმ საპროტესტო ენერგიას, რომელიც ჩვენ ვნახეთ რუსთაველზე, სჭირდება გარდაქმნა ქვეყანაში ცვლილებების მხარდამჭერ პოლიტიკურ ენერგიად, ხოლო ამას სჭირდება რაც ამ პროტესტმა გვანახა, ამ პროტესტის გადაწყვეტა.
პირველი რაც გვანახა ამ პროტესტმა, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს, გვაქვს პრობლემა ნდობის, ლეგიტიმაციისა და კონტაქტის პრობლემა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან და ეს უნდა იყოს დღეს ფოკუსი, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის გარეშე ცვლილება ვერ განხორციელდება.
მეორე - ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილი. ახლა პოლიტიკური ძალების განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენი საუკეთესო მეგობრებისგან კვლავ არ მივიღოთ მცდარი გზავნილები, ეს პირდაპირ უნდა ვთქვათ, ისევ გადღაბნილი გზავნილები დეპოლარიზაციაზე, რაღაც გაურკვეველ დიალოგზე, ანუ ილუზია რეალური შედეგებისა ამ რეჟიმის შეცვლის გარეშე. ეს არის ჩვენი აზრით, რაზეც საზოგადოება უნდა იყოს დღეს კონცენტრირებული, ხოლო პოლიტიკურ ძალებს ამ საკითხში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს,“ - აღნიშნავს გიგა ბოკერია.
„ევროპული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ასევე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების გარეშე რეალური წინსვლა შეუძლებელია, ამიტომ პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ პირველ რიგში, ხალხის განწყობები დარჩეს სწორი, ხოლო შემდეგ ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობა პოლიტიკური ძალების მიმართ მხარდაჭერად გადაიზარდოს.
„მიმდინარე პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ შედეგი მიიღწევა მაშინ, როცა საზოგადოების განწყობა არის სწორი ხელისუფლების მიმართ, რომ მათ პირობებში თანამშრომლობით რაიმე ცვლილებებზე ლაპარაკი არის უბრალოდ შეუძლებელი. საქართველოს დღეს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება. ამ განწყობის შექმნაში ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი დასავლელი პარტნიორების სწორმა შეფასებებმა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, განსხვავებით იმ შეფასებებისგან, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორების მხრიდან ისმოდა, იმიტომ რომ მათ მაინც ჰქონდათ იმედი და სურდათ, რომ პარტნიორული ურთიერთობებით მომხდარიყო საქართველოს წინსვლა. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ძალების უპირველესი ამოცანა ჩვენი აზრით, არის საზოგადოების სწორი განწყობების შენარჩუნება მათ შორის, უცხოელი პარტნიორების სწორი მესიჯებით. ეს მესიჯები, რამაც შედეგი დადო, არის ის, რომ საქართველოს ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს არ გამოხატავს, ამიტომ ჩვენი ხსნის გზა, მხოლოდ ამ ხელისუფლების ცვლილებაა.
ნებისმიერი ვითომ მიღწევა, რომელიც გეოპოლიტიკური სტრატეგიული მდგომარეობის გამო შეიძლება მივიღოთ, ამ ხელისუფლების პირობებში გადაიქცევა ფარატინა ფურცლად და ის შინაარსით არ დაიტვირთება, ხოლო ჩვენ გვჭირდება შინაარსი და არა ფორმალური რაიმე სტატუსი.
ხელისუფლების ცვლილების გარეშე რეალური წინსვლა არის შეუძლებელი, ამიტომ პოლიტიკურმა ძალებმა ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ პირველ რიგში ხალხის განწყობები დარჩეს სწორი, ხოლო შემდეგ ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობა გადაიზარდოს მხარდაჭერად პოლიტიკური ძალების მიმართ, რომელიც როგორც ჩანს, ჯერ ჩვენ არ გვაქვს და რომელიც მოსაპოვებელია. ეს ყველაფერი საჭიროა, რათა ამის კაპიტალიზაცია მოხდეს ხმებში, რამაც შემდეგ ხელისუფლების ცვლილების წინაპირობა უნდა მოგვცეს, რადგან ხალხის ნებისა და მათი პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერის გარეშე სინამდვილეში ცვლილებები არ იქნება“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.