ევროპაში, 2022 წელს, იარაღის იმპორტი თითქმის გაორმაგდა, - ამის შესახებ სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ზრდა გამოწვეულია უკრაინაში იარაღის მასიური გადაზიდვით, რომელიც იარაღის იმპორტის მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა კატარისა და ინდოეთის შემდეგ.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ნამდვილად გამოიწვია ევროპაში იარაღზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა“, - განაცხადა სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, პიტერ ვეზემანმა.
მისივე შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ევროპაში იარაღის იმპორტის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება.
უკრაინა, გასულ წლამდე, იარაღის უმნიშვნელო იმპორტიორი იყო, მაგრამ 2022 წელს ის ძალიან სწრაფად გახდა იარაღის სიდიდით მესამე იმპორტიორი მსოფლიოში. SIPRI-ის მონაცემებით, უკრაინაზე, ევროპაში იმპორტირებული იარაღის 31 პროცენტი მოდის.
ორგანიზაციის შეფასებით, უკრაინისთვის, ძირითადად, მარაგებიდან ამოღებული იარაღის მიწოდება ხორციელდებოდა. მათ შორის იყო დაახლოებით 230 საარტილერიო იარაღი აშშ-დან, 280 პოლონური ჯავშანმანქანა, 7000-ზე მეტი ბრიტანული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, ისევე როგორც სხვა ახლად წარმოებული იარაღი, როგორიცაა საზენიტო-სარაკეტო სისტემები.