თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი მენაბდის საქმე დასკვნით ეტაპზეა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი მენაბდის საქმე დასკვნით ეტაპზეა. პროცესს ესწრება მსჯავრდებული მენაბდეც.

გიორგი მენაბდემ ამავე საქმეში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, რომლის ჩვენებითაც ის დააკავეს, სასამართლოდან მიმართა.

როგორც დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის შემდეგ მენაბდემ განაცხადა, მას ყველა ის ადამიანი ეცოდება, ვისაც მის დაკავებაში წვლილი მიუძღვის.

„ყველა ის ადამიანი მეცოდება და გული მტკივა ყველა იმ ადამიანზე, ვისაც ჩემ დაკავებაში პატარა წვლილი მიუძღვის. ყველაზე მეტად გული მწყდება გუგა ბარბაქაძეზე, ალბათ, ჯერ ვერ აანალიზებს რამხელა ცოდვაში ჩაადგმევინეს ფეხი",- განაცხადა მენაბდემ.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა და განამრტა, რომ მკვლელობა გიორგი მენაბდეს არ ჩაუდენია. ადვოკატი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს. შემდეგ სხდომაზე, რომელიც 3 აპრილს, 14:00 საათზე ჩატარდება, ბრალდების მხარე წარმოთქვამს დასკვნით სიტყვას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მენაბდე დამნაშავედ ცნო და მას 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ დაცვის მხარემ გაასაჩივრა, ვინაიდან მენაბდე ბრალდებას არ აღიარებს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 2021 წლის 15 აპრილს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა გიორგი მენაბდემ გიორგი ჯანაშიასთან და მიხეილ კალანდიასთან ერთად, ჯგუფურად, თან ნაქონი ბასრი საგნით, მოკვლის განზრახვით, არასრულწლოვან დავით სარალიძეს დაზიანებები მიაყენა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას, მას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ხელისუფლება გულწრფელი არ არის, როდესაც ამბობს, რომ ევროპისკენ სვლა სურს - არა, ისინი არ მიდიან ევროპაში, ისინი სადღაც სხვაგან მიდიან და ხალხს ეს უნდა ესმოდეს
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის