საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტი ბესარიონ ტატიშვილი თანამედროვე ქალაქებში ქალაქგეგმარებითი კომპოზიციურ ასპექტებს იკვლევს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თემის - „ქალაქგეგმარებითი კომპოზიციური ასპექტები თანამედროვე ქალაქებში (ქ. გორის მაგალითზე)“, ხელმძღვანელია არქიტექტურის დოქტორი, ემერიტუსი ნანული თევზაძე.
როგორც ბესარიონ ტატიშვილი აცხადებს, ის გორის მაგალითზე იკვლევს საქართველოს დიდი ქალაქების ქალაქგეგმარებით ასპექტებს, რომელიც სხვადასხვა ეტაპს მოიცავს.
„აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვლევა, რომელსაც მრავალი წელია ვატარებ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავის ჩაუტარებია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კვლევა არის პირველი, რომელსაც 30 წელზე მეტ პერიოდში ანალოგი არ მოეპოვება. როდესაც დავიწყეთ მუშაობა, პირველ რიგში, საჭირო იყო ქალაქების შესწავლა პრობლემური თავისებურებებით და მათში არსებული სხვადასხვა სახის და მიმართულების პრობლემების გამოვლენა, რამაც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა კვლევათა ნაირსახეობა. კვლევათა ასპექტში აუცილებელი პირობა გახდა რამდენიმე მცირე ქალაქის სტრუქტურული ხასიათის განსაზღვრა, მათი ანალიზი და პარალელებში ნაკლოვანებისა და დადებითი მახასიათებლებისა თუ პოტენციალის დადგენა. შედარება და მეთოდოლოგიების მოკვლევა საზღვარგარეთის რამდენიმე ქალაქთან მიმართებაში, ქალაქების ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამოვლენილი საკითხები ვერ განიხილებოდა საარქივო მასალათა კვლევების გარეშე რაც ერთმნიშვნელოვნად მჭიდრო კავშირშია ქალაქების ისტორიულ წარსულთან და ერთ მთლიანობაში ქმნის ქვეყნის ისტორიას და მის კულტურას. გასათვალისწინებელი და შესასწავლი იყო ქალაქის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, მისი ეკოლოგია და ეკოლოგიაში შემავალი ძირითადი საკითხები“, - აცხადებს დოქტორანტი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, კვლევის პროცესში ბესარიონ ტატიშვილმა საველე სამუშაოები ჩაატარა.
მათივე ცნობით, აკადემიკოს გრიგოლ გეგელიასთან ერთად დაამუშავა უბნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც განხორციელდა და დასრულებული სახით 2012 წლის პირველ სექტემბერს ჩაბარდა.
სამუშაოს ძალიან დიდი წილი, 2012 წელს გორის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტზე მუშაობისას შეასრულა.
„პრობლემათა სახეობები, პრობლემათა სიმძლავრე. მათგან შექმნილი თუ მოსალოდნელი საფრთხეები და სირთულეები- არის კითხვები რაზეც აუცილებელია გავცეთ პასუხი. დღეს, ადამიანისათვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, არა მხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით, გლობალურ პრობლემად იქცა. რთულია და ალბათ, შეუძლებელიც ერთ ან თუნდაც რამდენიმე ქალაქის მაგალითზე ამ პრობლემის აღმოფხვრა, მაგრამ სადისერტაციო თემის შინაარსი არის მითითება პროფესიონალთათვის თუ როგორ შეიძლება ჩავებათ ამ „კაცობრიობის საწინააღმდეგოდ ბრძოლის“ შესაჩერებლად და ქალაქების თუ მცირე დასახლებების გადარჩენა-შესანარჩუნებლად შევქმნათ და მოვამზადოთ საფუძველი. შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობა და სხვა ეთნო ღირებულებები ქალაქთა განვითარების მთელ პროცესში. შევქმნათ ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემო და პირობები მოსახლეობისათვის. ვაშენოთ ჯანმრთელი საცხოვრისი. ქალაქებმა შეძლონ განვითარება და ეკონომიკური თვალსაზრისით ზრდა (მოთხოვნილებისა და აუცილებლობის შემთხვევაში), ისე, რომ არ შევლახოთ მაცხოვრებელთა უფლება, არ დავაზიანოთ მათი საარსებო და სამოღვაწეო გარემო. ქალაქის სახით შევქმათ სივრცე, ადამიანის სწორი მენტალური ზრდა-განვითარებისა და ჩამოყალიბებისათვის“, - აცხადებს ბესარიონ ტატიშვილი.
ინფორმაციისთვის, ბესარიონ ტატიშვილი სადოქტორო თემა ძირითადად სამეცნიერო და პროფესიონალური საზოგადოებისათვის იქნება განკუთვნილი. იმდენად, რამდენადაც სადოქტორო ნამუშევარი - „ქალაქგეგმარებითი კომპოზიციური ასპექტები თანამედროვე ქალაქებში“, ეხება ქალაქების სწორად განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილება-შენარჩუნებისა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნას, სწორად გადაწყვეტილი ქალაქგეგმარებითი და ცალკეული ობიექტის დაპროექტების პრინციპებსა და მეთოდებს.