მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირას იმყოფება. მისი წონა 120 კილოგრამიდან ამ დროისთვის 64-62 კილოგრამამდეა შემცირებული, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც გაიმართა დისკუსია თემაზე: "პოლიტპატიმრები, რომელთა სიკვდილის ბრძანება გასცეს: კარა-მურზა, გორინოვი და მიხეილ სააკაშვილი“.
„უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიული არაპროვოცირებული ომის დროს, რუსეთში მიმდინარეობს დემოკრატიულ ოპოზიციაზე უწყვეტი ზეწოლა და პოლიტპატიმრების უპრეცედენტო დევნა საქართველოში. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რეფორმისტი, პოლიტიკური აქტივისტი. მისმა პოლიტიკამ გარდაქმნა ქართული საზოგადოება, ეკონომიკა, გააძლიერა ბრძოლა კორუფციასთან და ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის ეროვნული კურსი. 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიხეილი დააპატიმრეს, მიუსაჯეს 8 წლიანი პატიმრობა და რჩება პატიმრობაში გაუარესებული ჯანმრთელობით. მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირას იმყოფება. მისი წონა 120 კილოგრამიდან ამ დროისთვის 64-62 კილოგრამამდეა შემცირებული“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
პეტრას აუსტრევიჩიუსმა ასევე ისაუბრა ნიკა გვარამიაზე.
„ნება მომეცით შეგახსენოთ ყველა თქვენგანს ნიკა გვარამიას შესახებ, ვისმა მეუღლემაც გამომიგზავნა შეტყობინება და მთხოვა, რომ კონკრეტულად მეხსენებინა ნიკა გვარამიას სახელი და მისი „ქეისი“. კოლეგებო, მსურს შეგახსენოთ, რომ ნიკა გვარამია არის ქართველი ადვოკატი, პოლიტიკოსი, ტელეწამყვანი და ბიზნესმენი, ის იყო იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი. ასევე იყო ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის გენერალური დირექტორი და ის ბრალდებულია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოზიციის ბოროტად გამოყენებაში, გასული წლის მაისში მას მიესაჯა 3,5 წლით პატიმრობა. amnesty international-ის მიხედვით, ის უნდა იყოს განხილული, როგორც პოლიტიკური პატიმარი და ამიტომ არ დავივიწყოთ ყველა მათგანი, ვისი ხსენებაც შეიძლება, რადგან ზოგჯერ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სახელის ხსენება ამ კონტექსტში", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.