შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედეთის პარლამენტში შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოს დელეგაციას შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას, ასევე, შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ერონ ემილსონი და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და შვედეთის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს და იმ მრავალწლიან მხარდაჭერას, რომელსაც შვედეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იჩენს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შვედეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდშიც აქტიურად განაგრძობს საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერას და ევროკავშირის გაფართოებისა და ღია კარის პოლიტიკას ემხრობა. ასევე, შვედეთის მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებულ სვლას და იმ პროგრესს გაესვა ხაზი, რომელსაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დემოკრატიული მშენებლობის კუთხით მიაღწია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შვედეთის მხარემ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ დაგმო.
„მინისტრმა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარესა და წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობა გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესის მისაღწევად, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა. შეხვედრაზე საუბარი რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო. შვედეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ილია დარჩიაშვილმა შვედეთის პარლამენტის წევრებს გაუზიარა საქართველოს ხელისუფლების ხედვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და მადლობა გადაუხადა შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო პლატფორმებზე.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი და მიესალმნენ ქვეყნებს შორის საპარლამენტო კავშირების ინტენსიურ დინამიკას, რაც გამოიხატა როგორც შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტით, ისე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარმატებული ვიზიტით შვედეთის სამეფოში გასულ წელს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ ორმხრივი კავშირების განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა უსაფრთხოების გლობალური გარემო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატი, ვაჭრობა, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.