ვენეციის კომისია - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხები უნდა მოგვარდეს

ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც კომისიამ მანამდე გასცა, ჯერ კიდევ გასათვალისწინებელია, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლო კორპორატივიზმისა და პირადი ინტერესების საკითხების მოგვარება, რაც უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას.

ვენეციის კომისიის მიხედვით, გასათვალისწინებელია ასევე მოსამართლეთა მათი თანხმობის გარეშე მივლინება/გადაყვანაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფართო უფლებამოსილების შეზღუდვა უფრო ვიწრო კრიტერიუმების დამატებით, მივლინებების/გადაყვანის დროისა და ადგილმდებარეობის შეზღუდვის შემოღებით, მივლინების/გადაყვანის შემთხვევითობის სისტემის უზრუნველყოფით.

ასევე, გასათვალისწინებელია რეკომენდაცია მოსამართლეთა უფლებამოსილების შეჩერების პროცედურასთან დაკავშირებით, შეჩერების საფუძვლების უფრო ზუსტად განსაზღვრით, ამგვარი გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის მეტი დროის გათვალისწინებით და უფლებამოსილების პერიოდში ხელფასის შენარჩუნებით. ასევე, იმის უზრუნველყოფა, რომ უზენაესი სასამართლოს მითითებები სავალდებულო იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უნდა შეიზღუდოს საფუძვლები მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტის ვალდებულების აშკარა დარღვევებით აზრის გამოხატვასთან. ამასთან, დარჩეს ადგილი მოსამართლეთა კომენტარებისთვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 22 ნოემბრის წერილით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოითხოვა ვენეციის კომისიის და ODIHR-ის ერთობლივი დასკვნა „საერთო საქართველოს ორგანულ კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტზე.

2023 წლის 1-ელი თებერვლის ერთობლივი წერილით, ვენეციის კომისიამ და ODIHR-მა აცნობეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ თითოეული ინსტიტუტი წარუდგენს ინდივიდუალურ შეფასებებს ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით მათი წინა მოსაზრებების ფონზე.

„განსახილველი ცვლილებების პროექტი მომზადდა საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ევროკავშირის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის კონტექსტში მოთხოვნილი საკანონმდებლო ზომების ნაწილი. ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია საქართველოს „მიიღოს და განახორციელოს გამჭვირვალე და ეფექტური სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესზე; უზრუნველყოს სასამართლო სისტემა, რომელიც იქნება სრულად და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და მიუკერძოებელი, ასევე უზრუნველყოს უფლებამოსილებების დანაწილება; კერძოდ, უზრუნველყოს ყველა სასამართლო და პროკურატურის უწყების, განსაკუთრებით კი, უზენაესი სასამართლოს სათანადო ფუნქციონირება და მთლიანობა და აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზები, მათ შორის ყველა დონეზე მოსამართლეთა და ასევე გენერალური პროკურორის დანიშვნა; განახორციელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფუძვლიანი რეფორმა და დანიშნოს უმაღლესი საბჭოს დარჩენილი წევრები. ყველა ეს ღონისძიება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

ვენეციის კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კარგად ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემის მნიშვნელობას. მხოლოდ დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას შეუძლია კანონზე დაფუძნებული მიუკერძოებელი სამართლიანობის აღსრულება და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება.

კანონის უზენაესობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ არსებობდეს საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ“, - აღნიშნულია დასკვნაში.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა