დღეს, 12:00 საათზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „შპს საინფორმაციო ქსელების ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“(კონსტიტუციური სარჩელი №1483) გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მათი ცნობით, დავის საგანს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 50-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 82-ე მუხლის კონსტიტუციურობა წარმოადგენს.
„განსახილველ საქმეზე სადავო ნორმები, ერთი მხრივ ადგენს კენჭისყრამდე კანონმდებლობით გათვალისწინებული დროის პერიოდში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების აკრძალვას. ასევე, კანონმდებლობით აკრძალული დროითი პერიოდის მიღმა, ამ უფლების სარგებლობისას გამოკითხვის დამკვეთის და გამოკითხვასთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაციის მითითების ვალდებულებას. მეორე მხრივ, აწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ამ წესების დარღვევით არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებაზე.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, იმ პირობებში, როდესაც აკრძალვა არ მიემართება სოციალური ქსელის ინდივიდუალურ მომხმარებელს, მიზანი, რომელსაც სადავო ნორმები ისახავს, მიუღწეველი რჩება. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლობით აკრძალული დროითი პერიოდის მიღმა, საზოგადოებრივი კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას დამკვეთზე ინფორმაციის მითითების ვალდებულება თვითმიზნურ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ასეთ დროს კენჭისყრის პროცესი დასრულებულია და ობიექტურად არ არსებობს საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის პრევენციის საჭიროება.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ინფორმაციის თავისუფლად გავრცელების უფლებას არღვევს. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.