ბელგრადში ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-14 შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში 1 941 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიებაა.
წითელი ჯვრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.
„მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, 520 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 215 ამოცნობილია და ოჯახებს ღირსეულად დასაკრძალად გადაეცა“, - აღნიშნა ანიეს ქოთუმ, ICRC-ის დესპანმა უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში კავკასიაში, რომელიც შეხვედრის თავმჯდომარე იყო.
„ეს შესაძლებელი გახდა ამ მკაცრად ჰუმანიტარული პროცესის ყველა მონაწილის თავდადების, ასევე, იმ ადგილობრივი ექსპერტების მზარდი ჩართულობის წყალობით, რომელთა უნარ ჩვევები და ცოდნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დარგში საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება.
1992-93 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით გაუჩინარებული ადამიანების ადგილსამყოფელის გარკვევაში მიღწეული წინსვლის გარდა, ყურადღება გამახვილდა შესაძლო სამარხების შესახებ ინფორმაციის მოძიების აუცილებლობასა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. მონაწილეები შეთანხმდნენ პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე, რათა უფრო მეტი ძალისხმევით შეგროვდეს და გაიცვალოს ინფორმაცია და შესაბამისად, უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს პროცესი.
მონაწილეთა შორის არსებული მკაცრად ჰუმანიტარული დიალოგი და საკოორდინაციო მექანიზმში მათი მუდმივი ჩართულობა გადამწყვეტია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახებისთვის პასუხის გაცემისა და შესაბამისად, გაურკვევლობის დასრულებისთვის. გარდა დიალოგისა, მოძიებისა და ამოცნობის, ასევე ოჯახების მხარდაჭერის პროცესში ყველა მონაწილის მეტი ჩართულობა გადამწყვეტია მისი ეფექტურობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს. 1992-93 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC-ის ეგიდით. ICRC, როგორც ნეიტრალური ჰუმანიტარული ორგანიზაცია, მხარს უჭერს მექანიზმს, მათ შორის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.