საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ირაკლი ჩაგანავამ და ამავე ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ვერა ჯელიძემ DAAD Georgia-ს მიერ გამოცხადებულ ქართველ მეცნიერთა მობილობის მხარდაჭერის პროგრამაში - „EU fellowships for Georgian Researchers, 2023“, ევროკავშირის მიერ 2023 წელს დაფინანსებულ კონკურსში გაიმარჯვეს. ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ირაკლი ჩაგანავა ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს სარაგოსას (ესპანეთი) უნივერსიტეტის არაგონის ნანომეცნიერებისა და მასალების ინსტიტუტში ჩაატარებს.
„ფოტონიკური პოლიმერების დარგში ცნობილ ესპანელ კოლეგა ქიმიკოსებთან ერთად დაგეგმილია გაუმჯობესებული თვისებების მქონე ორგანული პოლარიზაციულად მგრძნობიარე მასალების ინოვაციური კომპოზიციების სინთეზი, რომელიც ირაკლი ჩაგანავას სადოქტორო ნაშრომის შემუშავების პერიოდში განხორციელებული ექსპერიმენტების შედეგებს და მათ გაგრძელებას ეფუძნება. თავის მხრივ, აღნიშნული სამუშაოები, ინიცირებულია ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული კვლევების ლაბორატორიაში“, - აცხადებს სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი თამაზ სულაბერიძე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვერა ჯელაძე „EU fellowships for Georgian Researchers, 2023“-ის ფარგლებში სამთვიანი ვიზიტით გაემგზავრა გენტის უნივერსიტეტში (ბელგია), ელექტრომაგნიტური ტალღების ლაბორატორიაში ბიოელექტრომაგნეტიზმის მიმართულებით ერთობლივი კვლევების ჩასატარებლად.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის მხრიდან ქართველი მკვლევარ-მეცნიერთა მობილობის მხარდაჭერა მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციურ-ტექნოლოგიური სექტორის ინტერნაციონალიზაციას და ასევე: საქართველოს მეცნიერ-მკვლევართა მუშაობის ნაყოფიერების ხელშეწყობას; სამოღვაწეო სფეროში ევროკავშირის კოლეგებთან პროფესიული კავშირების დამყარებას; ქართველი მეცნიერების მობილობის გაზრდას და მათი ევროპის კვლევით სივრცეში ინტეგრაციას; ასევე შესაძლო ინტეგრაციას კვლევისა და განვითარების ევროპულ პროგრამებში, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, Horizon Europe–ის ფარგლებში.