2023 წლის თებერვალში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 59%-ით გაიზარდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თებერვალში, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 75 733 მგზავრმა ისარგებლა, ხოლო 2019 წლის თებერვალში 47 573 მგზავრმა.
მათივე ცნობით, მგზავრთნაკადის გარდა, თებერვალში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო - აეროპორტში რეისები 63%-ით გაიზარდა და 256 რეისს მოემსახურა, ხოლო 2019 წლის თებერვალში - 157 რეისს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
„2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით დაიწყებს. 2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით შეასრულებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.