გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, თელავის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები პანკისის ხეობაში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში მოსახლეობას შეხვდნენ.
გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორებმა, შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახში დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს და გენდერული სტერეოტიპების განხილვას. შეხვედრაზე, პროკურატურის წარმომადგენლებმა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. #არაფემიციდს #მკვლელობაისჯებამკაცრად #შეაჩერეფემიციდი #სიყვარულიარკლავს”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.