ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ქვეყნის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების საკითხის განსახილველად ვიზიტით თურქეთს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს.
“მოგზაურობა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მიწისძვრის ზონაში ვიზიტით დაიწყება”, - წერია პრეზიდენტის კანცელარიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარასკევს ნიინისტო სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. საუბარი ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას, მიწისძვრის შემდეგ თურქეთის აღდგენას, გეოპოლიტიკურ ვითარებას და ორმხრივ ურთიერთობებს შეეხება.
“მოსალოდნელია, რომ თურქეთი რატიფიცირების შესახებ პრეზიდენტის ვიზიტის დროს გამოაცხადებს”, - წერს ფინური გამოცემა Iltalehti.
შესაძლოა, რომ თურქეთმა ნატოში მხოლოდ ფინეთის წევრობის რატიფიცირება მოახდინოს. ცნობისთვის, სამშაბათს შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ “ნატოში შვედეთისა და ფინეთის სხვადასხვა დროს გაწევრიანება სულ უფრო შესაძლებელი ჩანს”.