კანონპროექტმა თავისი ფუნქცია რეალურად შეასრულა, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე მიღების შემთხვევაში შეიძლებოდა ამ მიზნებისთვს მიეღწია. რეალურად ძალიან ბევრი რამ გააშიშვლა, მათ შორის მოხდა რეალურად აგენტების ლუსტრაცია ჩვენს ქვეყანაში , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში გამაცხადა.
მისი თქმით, იმ დისკუსიით, რომელიც წარიმართა ამ კანონპროექტის გარშემო, ყველამ გაიგო საზოგადოებაში, რომ აგენტობა არის პირველ რიგში სამარცხვინო და სათაკილო მოვლენა.
„ჩვენ რომ კანონპროექტის მიღება გაგვეგრძელებინა, პროცესების პატარა გათვლა რომ გავაკეთოთ, დოკუმენტი გაიგზავნებოდა ვენეციის კომისიაში, ჩვენ ნათქვამი გვქონდა, რომ შენიშვნებს გავითვალისწინებდით, დააწერინებდნენ აუცილებლად ვენეციის კომისიას, რომ ტერმინი აგენტი ცუდია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი წარმატებით მუშაობს ამერიკაში, შეიცვლებოდა ეს ტერმინი. ერთადერთი, ამ კანონიდან რჩებოდა ყოველწლიური დეკლარაციების ამსახველი მარტივი ვებგვერდი. ეს იყო რეალურად ამ კანონის შედეგი. იმ დისკუსიით, რომელიც ჩვენ წარვმართეთ ამ კანონპროექტის გარშემო, ყველამ გაიგო საზოგადოებაში, რომ აგენტობა არის პირველ რიგში სამარცხვინო და სათაკილო მოვლენა. რა თქმა უნდა, ვერც ერთ დიდ ქვეყანას ვერ უსაყვედურებ, რომ შეიძლება უნდოდეს აგენტების ყოლა, მცირე ქვეყანაში მითუმეტეს, ეს მათი საქმეა, მათი პრეროგატივაა, მაგრამ როდესაც ადამიანი, ქართველი შედის სხვა ქვეყნის სამსახურში, ეს არის აპრიორი სათაკილო მოვლენა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო, იმიტომ, რომ რაღაც მომენტში შენ აუცილებლად გიწევს ისეთი ნაბიჯის გადადგმა იძულებით, რომელიც შეიძლება შენ ქვეყანას დაუპირისპირდეს. ამიტომ ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც საზოგადოებამ გამოიტანა, მეორე - ასევე ერთმანეთისგან გამიჯნა საზოგადოებამ ის, თუ ვინ არის აგენტი, ვინ არა, ვინ რა საქმიანობით არის დაკავებული ჩვენს ქვეყანაში, ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ და მესამე - ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ბაკურიანის გეგმებზე, ამ გეგმის პატარა გამოვლინება იყო ის პროცესები, რომელიც ვიხილეთ წინა კვირის განმავლობაში, ეს გეგმა კიდევ ერთხელ ჩავარდა, პირველი მცდელობა იყო კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ, ჩაუვარდათ, ახლა კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ ეს გეგმა. საბოლოო ჯამში ეს პროცესი, მათ შორის აგენტების ლუსტრაცია არის იმის გარანტია, რომ ენჯეოების მეშვეობით და დახმარებით საქართველოში ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება. ამის პრევენცია იყო საჭირო და ამის პრევენციას წარმატებით ემსახურებოდა ის დისკუსია, რომელიც კანონპროექტის გარშემო გაიშალა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.