გიორგი წერეთელი - უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ფერდის დროებითი გამაგრება ჩამოიშალა - ფერდის მუდმივი გამაგრებითი სამუშაოები დაიცავს ამ ფერდს, ამ გზას რაიმე ზეგავლენისა და მეწყრული პროცესებისგან

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი წერეთლის განცხადებით, უბისა-შორაპნის გზის მონაკვეთზე ფერდის ჩამოშლის ალბათობა დროებითი გამაგრების პირობებში არსებობდა, თუმცა მას შემდეგ რაც ფერდს მუდმივი გამაგრება ექნება და ობიექტი ექსპლუატაციაში შევა, ეს არ უნდა მოხდეს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კომპანია აკეთებს ყველაფერს, რომ მსგავსი შედეგები არ გაუმეორდეს, რადგან მას აღმოსაფხვრელად ზედმეტი ხარჯის გაწევა უწევს.

„რიკოთის პროექტი არის ურთულესი კონსტრუქციული გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე საქართველოში განხორციელებულა. იმიტომაც ვუწოდებთ ჩვენ რიკოთის პროექტს საუკუნის პროექტს. რაც შეეხება უბისა-შორაპნის მონაკვეთს, თავშივე, როცა აღნიშნული პროექტი გაკეთდა, და ეს პროექტი არის ორი საერთაშორისო იტალიური კომპანიის მიერ მომზადებული, იყო როგორც გეოლოგიური, ასევე გეოტექნიკური კვლევა ჩატარებული. შედეგად, საპროექტო გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ფერდის როგორც დროებითი გამაგრების სამუშაოებს, ასევე მუდმივი გამაგრების სამუშაოებს ითვალისწინებდა. თავშივე იყო ცნობილი, რომ, აღნიშნულ მონაკვეთზე, მეწყრული პროცესები შეინიშნებოდა. მიმდინარე სამუშაოების დროს ჩამოიშალა ფერდის დროებითი გამაგრება. ეს დაკავშირებულია ბოლო პერიოდში რიკოთზე მოსულ უხვ ნალექთან. დროებითი გამაგრებული ფერდის ჩამოშლამ დააზიანა ახლად შესრულებული ბეტონის სამუშაოები. ახლა სწორედ ამ ბეტონისგან ხდება გაწმენდა, რათა კვლავ გაგრძელდეს სამუშაოები. ეს რაიმე დიდ შეფერხებას აღნიშნული პროექტის განხორციელებაში არ გამოიწვევს. როცა დასრულდება სამუშაოები, აქ იქნება უკვე ფერდის მუდმივი გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც დაიცავს ამ ფერდს, ამ გზას რაიმე ზეგავლენისა და მეწყრული პროცესებისგან. მსგავს პროექტებში მოსალოდნელია-ხოლმე მიწის ჩამოშლის პროცესების განვითარება. ეს ყველა სამშენებლო პროცესში ხდება, სხვა მონაკვეთებზეც“, - განაცხადა წერეთელმა.

მისივე თქმით, ზოგადად, მთიან მონაკვეთებსა და მთიან რელიეფზე თუ გადის სამშენებლო სამუშაოები, მსგავსი პროცესების განვითარება ყოველთვის შესაძლებელია.

„რა თქმა უნდა, კომპანია იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ სამუშაო პროცესში არ განვითარდეს მსგავსი პროცესები, ის წინასწარ იღებს პრევენციულ ღონისძიებებს. თუმცა ამის საბოლოოდ თქმა შეუძლებელია, იმიტომ, რომ ეს არის მეწყრული პროცესების განვითარება, რომლის წინასწარ განსაზღვრაც შეუძლებელია. მთავარია ჩვენთვის შედეგი რა იქნება, როცა სამუშაოები იქნება დასრულებული, მერე არ განვითარდეს აღნიშნული პროცესები, თუმცა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ეს შეიძლება მოხდეს.

კომპანია გეგმავს ამ მონაკვეთზე გარკვეული ქმედებების განხორციელებას, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. მეწყერი არის ის ამოუცნობი ფენომენი, რომლის წინასწარ ვარაუდიც არ შეიძლება. კომპანია აკეთებს ყველაფერს, რომ მსგავსი შედეგები არ გაუმეორდეს იმიტომ, რომ ეს თვითონ კომპანიისთვის არის ზიანის მიმყენებელი და მას ზედმეტი ხარჯების გაწვა უწევს შემდგომ ამის აღმოსაფხვრელად. ამიტომ კომპანია იღებს ამ ყველაფრისთვის პროექტის შესაბამისად გადაწყვეტილებებს, რომ მშენებლობის პროცესში რაც შეიძლება ნაკლები მოსალოდნელი ცუდი შედეგები განვითარდეს. აქ საუბარია მშენებლობის პროცესზე და არა დასრულებულ პროცესზე. ამ პროექტის შედეგად მუდმივად იქნება ეს ფერდი გამაგრებული და არ უნდა მოხდეს მსგავსი რაღაცები, მინიმუმამდე დაჰყავს რაიმეს მოხდენის ალბათობა ან საერთოდ არ უნდა მოხდეს. მშენებლობის პროცესში შესაძლებელია ასეთი რაღაცები განხორციელდეს, მაგრამ ექსპლუატაციაში, რა თქმა უნდა, არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ამასთან, მან სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის დაზიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ჯერჯერობით, საკითხის მოკვლევა მიმდინარეობს, შემდგომი ნაბიჯები კი ამის შემდეგ გადაიდგმება.

„სამტრედია - გრიგოლეთის ხიდის მე-8 ბურჯზე დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესასწავლად მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, რომელმაც დაიწყო შესაბამისი კვლევები. ეს კვლევები მოიცავს პირველადი მონაცემების შეგროვებას, ეს არის ხიდის კონსტრუქციული სკანირება, ბურღის სამუშაოები და ა.შ. ეს კვლევები გაგრძელდება იმისთვის, რომ დადგინდეს რა იყო გამომწვევი მიზეზი. კვლევებზე ვართ დამოკიდებული, რამდენად გაიწელება დროში გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, მდინარე რიონზე ვართ დამოკიდებული, რამდენად მოგვცემს ეს მდინარე იმის საშუალებას, რომ კვლევები უწყვეტ რეჟიმში ვაწარმოოთ. არ ვჩქარობთ ამ პროცესში იმიტომ, რომ ჩვენც გვინდა დეტალურად გავიგოთ რა იყო ამის მიზეზი. ჩვენთვისაც წარმოუდგენელი რამ მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. როგორც კი ეს ყველაფერი დამთავრდება, საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ ამის შედეგებს. მთავარია, დადგინდეს მიზეზი, რა იყო აღნიშნული ხიდის, მე-8 ბურჯის დაზიანების გამომწვევი მიზეზი, იმის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ რამდენი ხანი გახანგრძლივდება ამ პროექტის განხორციელდება“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ცნობისთვის, მაგისტრალური გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებულ ზედაპირი 13 მარტს ჩამოშალა. ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა