„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ პროფესორ-მასწავლებლები შეუერთდნენ. თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილმა მოძრაობის წარმომადგენლებმა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს.
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბაჩანა შენგელიას განცხადებით, ნიკა გვარამია უკანონო პატიმრობაში იმყოფება, რაც უნდა დასრულდეს.
გვარამიას პატიმრობიდან გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრეს მოძრაობის სხვა წევრებმაც.
“ნიკა გვარამია რომ უსამართლოდ არის დაპატიმრებული, ეს მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს იცის უკვე ევროპამ, იმ ხალხმა, ვინც ფიქრობს და ცდილობს, საქართველო დააბრუნოს ევროპულ ოჯახში და ქვეყნისთვის დამაბრკოლებელი პატიმრობა აუცილებლად უნდა შეწყდეს. ნიკა გვარამიას თავისუფლება დღეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება. შესაძლოა, თვითონ ნიკას ეს იმდენად არ სჭირდება, რადგანაც ის ამას გაუძლებს, მაგრამ ის დღეს აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს. მივმართავთ პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული მექანიზმი და ეს აუცილებლად გადაწყვიტოს სახელმწიფოებრივად”, - განაცხადა ზურაბ პაპასკირმა.
“ჩემი აზრით, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე მთავარი დაბრკოლება რუსული კანონპროექტი იქნებოდა, იქამდე იყო ნიკა გვარამიას დაპატიმრება, როგორც მორიგი თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე, კრიტიკულ აზრზე. ამიტომ, ნიკა უდავოდ არის პოლიტიკური პატიმარი, მის ქმედებაში არ არის სისხლის სამართლებრივი მდგენელი და ვფიქრობ, რომ
მისი შეწყალებისთვის საკმარისზე მეტი საფუძველია, რადგანაც ის არის ტყვე, ის ტყვეობაშია მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვიღაც არ ეთანხმება, ან ვიღაც სძულს ან იმიტომ, რომ ინტელექტუალური სიცარიელის გამო სხვა შესაძლებლობები არ აქვთ, რომ გაუმკლავდნენ, არ იციან სხვა გზა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სამართლებრივადაც მეტი გზაა ნიკას შეწყალების”, - განაცხადა ქეთი ერემაძემ.
“ჩვენ ვართ უპრეცედენტო მოვლენის მოწმენი. ციხეში ზის ადამიანი, რომელსაც არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია და სამართლის კოდექსის ვერცერთი მუხლი ვერ მიუდგა. ის არამარტო პოლიტიკური პატიმარია, არამედ სინდისის პატიმარია, რადგან სასჯელს იხდის იმ რწმენისთვის, რომელიც მას გააჩნია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ნიკა გვარამიას თავისუფლება პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებასთან. იმ ქვეყანას, რომელსაც უდანაშაულო, პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, ევროკავშირის გზა დაკეტილი აქვს. ეს კარგად უნდა გაიაზროს ხელისუფლებამ და პირველ რიგში, პრეზიდენტმა, რომელსაც ნიკა გვარამიას შეწყალების საშუალება აქვს და ამით გზა გაუხსნას საქართველოს ევროპისკენ”, - განაცხადა ზურა დავითაშვილმა.