ბელგიის სამეფოში, ქალაქ ბრიუსელში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ამერიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრა ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) იმ ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, რომელზეც საქართველოს ერთი წლის ვადით ორგანიზაციის თავმჯდომარეობა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გადმოეცა.
მათივე ცნობით, WWTG-ის თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველო მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყებს და უკვე მეორედ უხელმძღვანელებს ჯგუფის მუშაობას.
„საქართველო 2023 წლის 1 მაისიდან შეუდგება ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარეობის უფლებამოსილების განხორციელებას. შესაბამისად, ყოფილი თავმჯდომარე ქვეყნის, აშშ-ის დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ ორგანიზაციული საკითხები, რამდენიმე ტექნიკური დეტალი, ასევე, თბილისში დაგეგმილი WWTG-ის სხდომის ჩატარების სავარაუდო თარიღები და დღის წესრიგი“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
„როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, WWTG-ის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ სავაჭრო ბარიერებზე, დარგის მდგრად განვითარებაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების მიმართულებით. 2023 წელს ამ ჯგუფების მუშაობის კოორდინაცია იქნება საქართველოს პასუხისმგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო WWTG-ის 2014 წელს თავმჯდომარეობდა. 2014 წლის აგვისტოში, თბილისში გამართულ WWTG-ის პლენარულ შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტს ღვინის შემადგენლობისა და პოტენციური დამაბინძურებლების ანალიტიკური მეთოდოლოგიისა და მარეგულირებელი შეზღუდვების შესახებ „თბილისის განცხადება" ეწოდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.