თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თბილისში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და დაღუპულის ოჯახს თანაგრძნობა გამოუცხადა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ნინო ვარდოსანიძე საკუთარ გამოსვლაში გასული კვირის მოვლენებს შეეხო და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ შეურაცხმყოფელი და ზიზღით სავსე კამპანია წარმოებდა.
მისივე თქმით, ამ კამპანიაში, სამწუხაროდ, ჩართულები იყვნენ პოლიტიკოსები, ენჯეოების და მედიის წარმომადგენლები, ასევე უნივერსიტეტებისა და სკოლების პედაგოგები და ყოფილი სახალხო დამცველიც.
მანვე აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის დევნა, სკოლის პედაგოგის მიერ საკუთარი მოსწავლის მშობლის მოღალატედ მოხსენიება, ფაშიზმის გამოვლინებაა - ფაშიზმი კი არის საშიში მოვლენა, რომელსაც საზოგადოება აუცილებლად უნდა დაუპირისპირდეს. ნინო ვარდოსანიძემ მსგავს გამოვლინებებთან დაკავშირებით წარსულიც გაიხსენა.
„ჩვენ კარგად გვახსოვს ადამიანების ე.წ. ჩარეცხვის მცდელობა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მაშინ ხელისუფლების სახელით, ახლა კი ოპოზიციიდან ცდილობენ იმავეს. მჯერა, რომ ფაშიზმზე საზოგადოების უმრავლესობას სწორი და ადეკვატური რეაქცია ექნება“,- აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.