ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.

„ბოლო წლებში, ჩვენ ქვეყნებს შორის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის დინამიკა მზარდია, თუმცა, კიდევ უფრო დიდი პოტენციალი არსებობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ყოველწლიურად, 15-20 %-ით იზრდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის როგორც წარმოება, ასევე ექსპორტი. არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აღნიშნული მიმართულებით დადებითად აისახება და საშუალებას მოგვცემს, გავაღრმავოთ თანამშრომლობა და მოვიზიდოთ ინვესტიციების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების განვითარების, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის, განახლებადი ენერგიის, გარემოს დაცვის და სხვა არაერთი მიმართულებით, რაც წარმატებული და მომგებიანი იქნება ორივე მხარისთვის“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მათივე ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდიმ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საამიროებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 85%-ს იმპორტი წარმოადგენს, შესაბამისად, არაბთა გაერთიანებული საამიროების სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსგავს შეთანხმებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები დაინტერესებულია ინვესტიციების განხორციელებით ისეთი მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს სასურსათო უსაფრთხოებას, კლიმატის ცვლილების შერბილებას და სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევას.

„შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ როგორც აგრარული, ასევე გარემოსდაცვითი მიმართულებებით საინვესტიციო შესაძლებლობების დეტალურად განხილვის მიზნით, ახლო მომავალში, საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან პროცესს კოორდინაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გაუწევს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ ალ ნუაიმი, არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება