21 მარტს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში, ფრანკოფონიისა და ფრანგული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატ ანი ერნოს „წლების“ მთარგმნელ ლალი უნაფქოშვილთან შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, ღონისძიება თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით, ფრანგულ ინსტიტუტთან და გამომცემლობა „პალიტრა L-თან“ თანამშრომლობით გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, საღამოს სტუმარი ასევე იქნება მთარგმნელი და დრამატურგი ვალერი ოთხოზორია. შეხვედრაზე ისაუბრებენ წიგნის მნიშვნელობაზე თანამედროვე ლიტერატურაში, ანი ერნოს სამწერლო ენის თავისებურებებსა და თარგმანზე მუშაობის პროცესზე.
2023 წლის ფრანკოფონიის თვე 10 მარტს დაიწყო და 6 აპრილის ჩათვლით გასტანს. პროგრამის თანახმად, დაგეგმილია ფრანგულენოვანი კინოს დღეები, გერონტი ქიქოძის სახელობის ლიტერატურული პრემია ფრანგულენოვანი რომანის საუკეთესო ქართული თარგმანისთვის, ფრანგულენოვანი ლიტერატურის ქართულენოვანი თარგმანების წარდგენები, დისკუსიები, კონფერენციები, საჯარო ლექციები და სხვა.
„ფრანკოფონია 2023“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პატრონაჟით, ასევე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, საფრანგეთის საელჩოს, შვეიცარიის საელჩოს, თბილისის მერიისა და საქართველოში წარმოდგენილი ფრანგულენოვანი პარტნიორების ხელშეწყობით ტარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.