სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, - ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერების გაცემასთან დაკავშირებით.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის სამართლებრივი თვალსაზრისითაც… რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის წევრი მონაწილე და მისი ვალდებულებები არ ეკისრება. ამ ორგანოსთან რუსეთი არ თანამშრომლობს, ხოლო დაპატიმრების შესაძლო “რეცეპტები”, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოდან მოდის, ჩვენთვის იურიდიულად ძალადაკარგული იქნება”, - განაცხადა ზახაროვამ.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, წინასასამართლო საქმე წარმოების II პალატამ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
პუტინსა და ლვოვა-ბელოვას უკრაინის ოკუპირებული რაიონებიდან რუსეთის ფედერაციაში ბავშვების უკანონო დეპორტაციის სამხედრო დანაშაულში ედებათ ბრალი, რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.