საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შემეცნებითი ინტერაქტიური ღონისძიება - „ფიზიკის როლი კრეატიულ სამყაროში“, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას, რომლის ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა და საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირების ცენტრისა და ლაბორატორიის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა, ესწრებოდნენ: სტუ-ის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გობრონიძე. ასევე, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები, აბიტურიენტები, სტუდენტები.
ღონისძიების ფარგლებში, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მეცნიერებმა და მკვლევრებმა ახალგაზრდებს გააცნეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოსწავლეთა მიერ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე შესრულებული პროექტები, რომელთა შექმნის საფუძველი ფიზიკის ფუნდამენტური საკითხების გააზრება და მათი პრაქტიკული გამოყენებაა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორების - დავით სონღულაშვილისა და თეიმურაზ ჩიჩუას, ასევე, დოქტორანტების მარეხ მაზანაშვილისა და უტა კილასონიას მენტორობით, საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული პროექტები.
სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის განცხადებით, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირების ცენტრსა და ლაბორატორიაში სხვადასხვა დროს საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლის ასზე მეტმა მოსწავლემ გაიარა სწავლების კურსი, რომელთა დიდი ნაწილი სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულია.
„ღონისძიებაზე წარმოდგენილი საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში შექმნილი ძალიან საინტერესო ნამუშევრები, შესრულებულია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ. ძალიან სასიხარულოა, რომ პროექტში სხვადასხვა ეტაპზე , საერთო ჯამში ჩართული იყო 100-ზე მეტი მოსწავლე. მოწვეულ თანატოლებსა და სტუმრებს თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების ავტორ მოსწავლეთა გუნდებმა წარუდგინეს განხორციელებული 20-ზე მეტი პროექტი, რომლებიც საინტერესო და ეფექტურია, როგორც შინაარსობრივად, ასევე, ვიზუალურად. მოსწავლეთა პროექტების უმრავლესობამ გამარჯვება მოიპოვა ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო საინჟინრო-სამეცნიერო კონკურსებში, როგორიცაა: „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ - იმართება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, გამარჯვებული გუნდი კი, რომელსაც აჯილდოებს აშშ-ის ელჩი, მიემგზავრება ამერიკის კოსმოსური კვლევის ცენტრ NASA-ში; კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი“ - იმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით; გამარჯვებული გუნდები მიემგზავრებიან შემეცნებითი სამკვირიანი ტურით ინგლისში, ჯილდოვდებიან სხვადასხვა ოდენობის ფულადი პრემიებით, უფინანსდებათ სწავლის საფასური სხვადასხვა უნივერსიტეტებში“, - განაცხადა პროფესორმა თამარ ლომინაძემ.
სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირების ცენტრისა და ლაბორატორიის მოსწავლეებმა მარიამ მიქაძემ, ავთანდილ გუჯაბიძემ და ლიზი ტურაშვილმა გამოფენაზე წარმოადგინეს რამდენიმე ნამუშევარი. როგორც სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მეთერთმეტე კლასელი მარიამ მიქაძე აცხადებს, მათი ყველა ნამუშევარი შექმნილია სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირების ცენტრსა და ლაბორატორიაში.
„ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი იყო აღმოგვეფხვრა სარეველა მცენარე, რისთვისაც შევქმენით საექსპერიმენტო ყუთი, რომლის მიხედვით დავადგინეთ, რომ 80% წითელი და 20% იისფერი სინათლე დადებითად მოქმედებს მცენარეებზე და თრგუნავს სარეველა მცენარეს. ჩვენი შექმნილი პოლიეთილენის პარკი გადავაკერეთ მიწას, რომელმაც დათრგუნა სარეველა მცენარე. ანუ, ქიმიური ნარევების და ყოველგვარი ზედმეტი შრომის გარეშე, შეიძლება ამ პარკის გამოყენებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა. ეს არის ჩვენი გამოგონება, რომელიც სხვადასხვა კონკურსზე გვქონდა გატანილი. კონკურსზე - „ლეონარდო და ვინჩი“, მეორე საპრიზო ადგილზე გავედით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ყველა პროექტი საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირების ცენტრისა და ლაბორატორიაშია დამუშავებული. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩვენ შემოქმედებაში. შეიძლება ითქვას, რომ პროექტების აწყობაში უნივერსიტეტმა დიდი როლი ითამაშა. მადლობა უნივერსიტეტს გვერდით დგომისთვის“, - განაცხადა მარიამ მიქაძემ.
მათივე ცნობით, ღონისძიების დასასრულს, გამოფენაში მონაწილე ახალგაზრდებს და უნივერსიტეტის სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა. ასევე, მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადაეცათ.