კიდევ ერთხელ გადავამოწმე და მინდა თამამად გითხრათ, რომ 13:00 საათის მდგომარეობით, არ ყოფილა არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ უშუალოდ მსჯავრდებული, მიხეილ სააკაშვილი ან ოჯახი კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას წარადგენს.
„მსურს გავაკეთო განცხადება დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილთან სახელმწიფო არ უშვებს პოლონელ ექიმებს.
აქვე მინდა საზოგაოდებას შევახსენო, რომ 2022 წლის 29 ნოემბერს მსჯავრდებულ სააკაშვილს შევთავაზეთ, რომ ჩამოეყვანათ უცხოელი ექიმები, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან, რათა ჩართულიყვნენ მისი მკურნალობის პროცესში. შემდგომში სამი დღის წინ კიდევ დამატებით განვმარტეთ, რომ ჩვენი შეთავაზება ძალაშია და სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართოს ნებისმიერი უცხოელი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან.
დღეს მაგალითად მთავრობის სხდომაზე წამოსვლამდე 13:00 საათის მდგომარეობით, კიდევ ერთხელ გადავამოწმე და მინდა თამამად გითხრათ, რომ ამ დროისთვის, ვგულისხმობ 13:00 საათს, არ ყოფილა არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, როგორც უშალოდ მსჯავრდებულ სააკაშვილს, ასევე მისი ოჯახის წევრებს და საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტო, რომ სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას და ამ შემთხვევაში ჩვენ ვუშუამდგომლებთ მათ ჯანდაცვის სამინისტროსთან იმისთვის, რომ შემდგომში ამ ექიმებმა გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რათა საექიმო საქმიანობის ნებართვა მიიღონ და შემდგომში მსჯავრდებულ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვა შეძლონ“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ამასთან, რატი ბრეგაძემ უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე დასმულ კითხვას და განაცხადა, რომ მათი გადასაწყეტია მიმართავენ, თუ არა სასამართლოს.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის არცერთი უფლება დარღვეული არ ყოფილა.
„ეს, რა თქმა უნდა, მათი გადასაწყვეტია. მათ აქვთ უფლება მიმართონ როგორც ეროვნულ სასამართლოს, ასევე სტრასბურგის სასამართლოსაც და სიმართლე რომ გითხრათ, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი გავიდა მას შემდეგ და რატომ არ მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს, ამაზე პასუხს ალბათ, ისინი თავად უკეთ გაგცემენ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას კერძოდ, როგორც მსჯავრდებული სააკაშვილის, ისე ნებისმიერი სხვა პატიმრის უფლებების დაცვას.
მრავალგზის მითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის არცერთი უფლება დარღვეული არ ყოფილა. მისმა უფლებადამცველებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს და ვნახეთ, რა შედეგიც დადგა. წელს მიმართავენ თუ არა სასამართლოს თავიდან, ეს მათი გადასაწყვეტია. მიხეილ სააკაშვილს უკვე დაახლოებით, 2 000 ვიზიტორამდე ჰყავდა. ის შესაბამის კლინიკაში მკურნალობს და ფიზიკურად რთულია წარმოვიდგინოთ, დაინტერესებული მხარე რომელი უფლების დარღვევაზე შეიძლება საუბრობდეს,“ - განაცხადა ბრეგაძემ.