რეფერენტული ფასები ჯამში 1100 მედიკამენტზე ვრცელდება და ამან საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად გააიაფა მედიკამენტები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეული დროის შემდეგ, რეფერენტული ფასები მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე გავრცელდება.
„პირველ ეტაპზე რეფერენტული ფასები განვსაზღვრეთ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე. 300 მედიკამენტზე, რომელიც ახლა შევიდა ძალაში და იყო პირველ ეტაპზე განსაზღვრული, სხვადასხვა ტიპის საჩივრები იყო შემოსული და შესაბამისი კორექტირების შემდეგ კიდევ ერთი თვე დაგვჭირდა, რომ ძალაში შესულიყო. რეფერენტული ფასები ჯამში 1100 მედიკამენტზე ვრცელდება და ამან საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად გააიაფა ეს მედიკამენტები. საერთო ჯამში თუ შევხედავთ 40%-იანი კლებაა იმ მედიკამენტის ფასების რაც გვაქვს დღეს და რაც იყო 2 თვის წინ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი შეღავათი და დანაზოგი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. დარჩენილ მედიკამენტებზე, ეტაპობრივად მივყვებით და გარკვეული დროის შემდეგ მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე გავრცელდება რეფერენტული ფასები და შესაბამისად, ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება.
რეფერენტული ფასების შემოტანის შემდეგ იყო ძალიან სამწუხარო შემთხვევები, როცა გარკვეულ მედიკამენტებზე ჩათვალეს, რომ შეიძლებოდა ფასების გაზრდა, სადაც რეფერენტული ფასები არ შეხებია, ან შეეხო და მასზე დაბალ ფასად იყიდებოდა. ჩვენი მხრიდან იქნა მყისიერი რეაგირება და ასევე, ძალიან ოპერატიულად მოხდა ძველ ნიშნულებზე ამ ფასების დაბრუნება. ჩვენ უკვე მზად გვაქვს საკანონმდებლო პაკეტი, თუ რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ სხვადასხვა კანონსა თუ ნორმატიულ აქტში, რომ კიდევ უფრო კარგად იყოს დარეგულირებული ფარმაცევტული ბაზარი და ასევე, ჰოსპიტალური მიმართულება, უფრო მკაცრი კონტროლი იყოს როგორც ხარისხის კონტროლის კუთხით, ასევე საბიუჯეტო ხარჯების კუთხით, ასევე ფარმაცევტული ბაზრის ეფექტური მონიტორინგის კუთხით. ასე, რომ მალე პარლამენტში ვნახავთ ცვლილებების პაკეტს და ყველა ის პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია კონტროლთან და მონიტორინგთან მოაგვარებს“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მედიკამენტების ბაზების გახსნასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ აღნიშნულში სამწუხაროდ, აფთიაქების მხოლოდ ნაწილია ჩართული და ნაწილმა გარკვეული ვადები ითხოვა, თუმცა მინისტრის განცხადებით, ყველანაირი ვადა გასულია და უწყებას ჯარიმებისა და შესაბამისი გაფრთხილებების გაცემა მოუწევს.
„რეფერენტულ ფასებთან ერთად, 15 მარტიდან ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ეხება ფარმაცევტული კომპანიებისთვის მედიკამენტების ბაზის გახსნა. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს ბაზარი და დასამალი წესით არაფერი არ უნდა იყოს. რეფერენტული ფასების ფარგლებში უნდა ხდებოდეს გაყიდვა და ასევე, სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც გვაქვს ჩადებული ვადიანობასთან და ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით, ამ მექანიზმით ჩვენ მოვახდენთ გაკონტროლებას. დღეს უკვე ვართ ეტაპზე, როდესაც ყველანაირი გონივრული ვადა, საშეღავათო პერიოდი ამოწურულია და საკმაოდ მკაცრად დავიწყებთ ამის გაკონტროლებას. პირველ შემთხვევაში შეიძლება გაფრთხილებით შემოვიფარგლოთ, შემდეგ შემთხვევებზე ჯარიმა შესაძლოა 5 000-დან 35 000-მდე იყოს. ბაზების გახსნასთან დაკავშირებით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, აფთიაქების მხოლოდ ნაწილია ჩართული, ნაწილი გაურკვეველ ვადებს ითხოვდნენ და სამწუხაროდ, ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი მზად არ არიან, თუმცა არავითარი გადავადება არ იქნება, ყველანაირი ვადა გასულია, ყველანაირი მხარდაჭერა ჰქონდათ ჩვენგან. მოგვიწევს დაჯარიმებები და შესაბამისი გაფრთხილებების გაცემა “, - განაცხადა მინისტრმა.