,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის განცხადებით, დღეს სასამართლო პროცესზე გამოკითხულმა სამეგრელო -ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ავთანდილ გალდავამ ბადრი ესებუა ამოიცნო.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს დამაჯერებელი მტკიცებულებები აქვს ბრალდების დასაბუთებულად.
,,დღეს ბრალდების მხარემ გამოიკვლია თავისი მტკიცებულებები. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დამაჯერებელი მტკიცებულებები წარადგინა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალის დასასაბუთებლად. რა თქმა უნდა, მათ შორის მნიშვნელოვანია ავთანდილ გალდავას მიერ მიცემული ჩვენება, რომელმაც დაადასტურა ყველა ფაქტობრივი გარემოება. მან ისაუბრა ყველა იმ წვრილმან დეტალზე, რაც მნიშვნელოვანია საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. გალდავამ დაადასტურა ფაქტი, რომ თანხა, რომელსაც ითხოვდა ბანკში შეჭრილი პირი, სახელმწიფოსგან ითხოვდა. მან ყველა დეტალზე გაამახვილა ყურადღება და სასამართლოს მისცა სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რაში გამოიხატებოდა თავდამსხმელის მხრიდან სახელმწიფოსთვის თანხის მოთხოვნის დეტალები. მან აღნიშნა, რომ ბანკი მოქმედებდა შსს-თან კოორდინებულად და ანალოგიური ფაქტი დაადასტურა ,,საქართველოს ბანკის“ თანამშრომელმა , რომელიც გასულ პროცესზე დაკითხა ბრალდების მხარემ. ავთანდილ გალდავამ ამოიცნო და ეს დაასაბუთა ჩვენების მიცემის დროს. მან აღნიშნა, რომ რამდენიმე საათიანი ურთიერთობა ჰქონდა ბრალდებულთან. ავთანდილ გალდავამ პროცესზე განაცხადა, რომ ის ხმა, რომელიც მას ჩაესმოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს იყო ბრალდებულის ხმა და ეს ხმა არასოდეს დაავიწყდება“, - განაცხადა მირანდა წერეთელმა.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ,,საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 23 მარტს გაიმართება.