თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, 15-16 მარტს თსუ-ს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების მიერ მოსახლეთა გეგმური აღწერა განხორციელდა. როგორც თსუ-ს განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ინფორმაცია, რომ აღნიშნული შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად ახალგაზრდების დაშინებას ისახავს, სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ სტუდენტებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, თსუ-ს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში მართლწესრიგის ოფიცრების მიერ მოსახლეთა გეგმური აღწერა ყოველწლიურად ტარდება.
„გაცნობებთ, რომ 2023 წლის 15 და 16 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრების მიერ მოსახლეთა გეგმური აღწერა განხორციელდა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.
ბოლო დღეებში, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად ახალგაზრდების დაშინებას ისახავს, სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ სტუდენტებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო და საერთო საცხოვრებლის სივრცეებში. ამ მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობს.
მოგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელს ადმინისტრირებას უწევს. აღნიშნული საერთო საცხოვრებლით ძირითადად თსუ-ს სტუდენტები და ნაწილობრივ თსუ-ს თანამშრომლები სარგებლობენ,“ - აღნიშნულია განცხადებაში.