საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და „არემჯი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ კომპანია „არემჯის“ სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულ სტუდენტებს სერთიფიკატები საზეიმოდ გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 25 სტუდენტი, რომელებიც „არემჯის“ 2023 წლის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებული გახდებიან, კომპანიისგან წლის განმავლობაში, ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებენ და სამომავლო დასაქმების პერსპექტივით, სტაჟირებას „არემჯის“ საწარმოო ბაზაზე გაივლიან.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „არემჯის“ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების 80-მდე სტუდენტმა მიიღო.
„ღონისძიებას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის დარბაზში ჩატარდა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ფაკულტეტებისა და „არემჯის“ წარმომადგენლები, ასევე, სტუდენტები ესწრებოდნენ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ უნივერსიტეტსა და კომპანია „არემჯის“ შორის 5-წლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება იმ ბენეფიტებზე გაამახვილა, რასაც თანამშრომლობის შედეგედ, სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მასთან ერთად, ენერგეტიკის, ქიმიური ტექნოლოგიისა და ინფორმატიკის მიმართულების საუკეთესო და მოტივირებული სტუდენტები იღებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
„უნივერსიტეტისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია ისეთ დამსაქმებელთან თანამშრომლობა, როგორც „არემჯია“, რისთვისაც მადლობას ვუხდით კომპანიის მენეჯმენტს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის სამთამადნო დარგის ლიდერი კომპანიისთვის არანაკლებ და ვიტყოდი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან კოლაბორაცია. ფაქტია, ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ახლო აღმოსავლეთში. სამწუხაროდ, გასული საუკუნის 90-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, თითქმის ყველა ტექნიკური და ტექნოლოგიური დარგი სტაგნაციაში იყო. სასიხარულოა, რომ დღეს საქართველო ვითარდება და მის აღმავლობაში დიდი წვლილი სწორედ საინჟინრო-ტექნოლოგიურ დარგებსა და ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მიუძღვით. ამ მხრივ, დიდია დამსახურება სამთო-გეოლოგიის დარგში ისეთი დიდი მოთამაშისა, როგორც „არემჯი ჯგუფია“. კომპანია წარმატებით ვითარდება და ამ პროცესში ახალი თაობები - ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან ჩართული. უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე მოქმედებს ცენტრი, რომელიც „არემჯის“ მხარდაჭერით გაიხსნა, სადაც აქტიურად ხორციელდება დარგისთვის საჭირო სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგები და კურსები, სტუდენტები გადიან სტაჟირების პროგრამებს და საზაფხულო სკოლას კომპანიის სამრეწველო ბაზაზე, წარმატებით საქმდებიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოში და გადიან კარიერული განვითარების გზას. ხუთი წლის მანძილზე „არემჯის“ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა მრავალმა სტუდენტმა მიიღო, 80-მდე კი სტიპენდიატი გახდა. სასიხარულოა, რომ „არემჯის“ წლევანდელ სასტიპენდიო პროგრამას 25 გამარჯვებული სტუდენტი ჰყავს. ყველა ეს საუკეთესო სტუდენტი ახლო მომავალში დიდი ძალა იქნება ჩვენი ქვეყნის აღმშნებლობის გზაზე. მრავალ წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებ, როგორც ჩვენს სტუდენტებს, ასევე „არემჯი ჯგუფს“, - განაცხადა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.
როგორც „არემჯი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი შუბითიძემ აღნიშნა, კომპანიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობამ, რაც 2018 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, არაერთი სასიკეთო შედეგი გამოიღო, როგორც წარმოებისთვის, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
„ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი თანხვედრაში იყოს წარმოების მოთხოვნებთან. სწორედ ასეთი თანხვედრაა დარგის სწორი მიმართულებით განვითარების აუცილებელი წინაპირობა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვუპასუხოთ თანამედროვე მოთხოვნებს, მხარი ავუბათ ახალ ტექნოლოგიებს და მოვამზადოთ პროფესიონალთა ახალი თაობები. 5 წელია „არემჯის“ კადრები, სხვადასხვა მიმართულებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტებითა და კურსდამთავრებულებით ივსება. სამთო-გეოლოგიის დარგსა და მასთან დაკავშირებულ წარმოებას ორი სიმდიდრე - სასარგებლო წიაღისეული და ინტელექტუალური რესურსი აქვს, ეს უკანასკნელი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მაღალ დონეზე მომზადებული ახალგაზრდა კადრების სახით შემოდის, რისთვისაც მადლობას ვუხდით უნივერსიტეტს, ბატონ რექტორს და პროფესორ-მასწავლებლებს. ჩვენი ხუთწლიანი თანამშრომლობის შედეგი მნიშვნელოვანია, როგორც კომპანიისა და უნივერსიტეტისთვის, ასევე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, - აღნიშნა ჯონი შუბითიძემ.
„სტიპენდიანტი სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ, შედგა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია „არემჯის“ თანამშრომლობის ამსახველი ვიდეოჟურნალის ჩვენება, რომელიც Euronews-Georgia-მ მოამზადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.