თუ ჩინეთს უკრაინაში მშვიდობა სურს, მან უკრაინასთან უნდა ილაპარაკოს. შესაბამისი განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ჩინეთმა უკრაინული ხედვის გაგება უნდა დაიწყოს.
“უკრაინა გადაწყვეტს, რა პირობები შეიძლება იყოს მისაღები სამშვიდობო გადაწყვეტილებებისთვის. ამიტომ ჩინეთმა უნდა დაიწყოს უკრაინული ხედვის გაგება და პრეზიდენტ ზელენსკისთან პირდაპირ საუბარი, თუ სურთ, რომ სერიოზულები იყვნენ მშვიდობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა სტოლტენბერგმა ჩინეთის სამშვიდობო გეგმის კომენტირებისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთმა ჯერ კიდევ არ დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია.
“ჩინეთის სამშვიდობო წინადადებები პოზიტიურ ასპექტებსაც შეიცავენ, რომლებსაც მხარს ვუჭერ, მაგალითად, ბირთვულ უსაფრთხოებასთან, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვასთან მიმართებით და იმას, რომ მათში ხაზგასმით აღინიშნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. უკრაინისთვის ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივები ამ პრინციპებს უნდა ეყრდნობოდეს, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. ეს ასევე ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მთავარი ელემენტია”, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.