თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის ინფორმაციით, სამხედრო სავალდებულო სამსახური დეპუტატ ალეკო ტაბატაძისა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის შვილებს აქვთ გავლილი.
აღნიშნული ორი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი გიორგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “გირჩის“ წარმომადგენლის იაგო ხვიჩიას კითხვის პასუხად ახსენა, რომელიც დაინტერესდა, პარლამენტისა და მთავრობის არსებული შემადგენლობიდან რომელი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების შვილები იმყოფებოდნენ ჯარში.
“პარლამენტის სხდომათა დარბაზში 150 პოლიტიკოსია. მინისტრებიც და მინისტრის მოადგილეებიც პოლიტიკური თანამდებობის პირები არიან. მთავრობისა და პარლამენტის მოქმედი შემადგენლობიდან რომელი პოლიტიკოსეის ოჯახის წევრია ნამყოფი ქართულ ჯარში? თუ მათ საკუთარი შვილები ჯარში არ გაუშვიათ, უხერხული ხომ არ არის, რომ ასეთი ტიპის ჯარში, სადაც არც ერთი ჩვენი კოლეგა საკუთარ შვილს არ უშვებს, სხვისი შვილები იძულებით გავუშვათ?“, - მიმართა კითხვით თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იაგო ხვიჩიამ.
პასუხად გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ დეპუტატ ალეკო ტაბატაძის შვილს და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის შვილს გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახური ორი წლის წინ.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტს იხილავს. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.
“თავდაცვის კოდექსის“ პროექტით, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა, ახლებურად რეგულირდება თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხები.
პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს სახელი შეეცვლება და „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“ ეწოდება.
იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად, შეთავაზებულია სამსახურის დიფერენცირებული ვადები: საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. გაწვევა სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ სამინისტროს სისტემაში იქნება შესაძლებელი. აღნიშნული სიახლეების ამოქმედება 2025 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.
სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა. კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, შესაძლებელია დაექვემდებაროს შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ასეთ შემთხვევაში, მას საკუთარი სურვილით შეეძლება შეარჩიოს და გაიაროს სამხედრო სამსახურის გავლის ერთ-ერთი ფორმა - 6, 8 ან 11 თვის ხანგრძლივობით, ან ჩაირიცხოს შესაბამის სამხედრო მომზადების პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ოთხი წლის განმავლობაში სტუდენტის მიერ ზაფხულის პერიოდში შეკრებების გავლას.
გადაიხედა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის მოსაკრებლის ოდენობა და 2 000 ლარის ნაცვლად (18 თვით გადავადებისათვის) განისაზღვრა 10 000 ლარით, ერთი წლის მანძილზე გადავადებისათვის. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის უფლების გამოყენება პირს მხოლოდ ერთხელ ექნება.
იზრდება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვის შემთხვევაში დაწესებული კომპენსაციის ოდენობა და იგი ასევე სამინისტროს სისტემის სამოქალაქო პირებზე გავრცელდება.
პროექტით 2024 წლიდან სამინისტრო ვალდებული იქნება სამხედრო მოსამსახურეთათვის, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ, თანადაფინანსებით, საცხოვრებელი ფართების მშენებლობა უზრუნველყოს.