რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატოს წევრმა ქვეყნებმა უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს, რომელიც 2022 წელს, დაახლოებით, 120 მილიარდი დოლარის სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას გულისხმობს. ამის შესახებ ნათქვამია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების უმსხვილესი დონორი არის შეერთებული შტატები, მაგრამ ევროპისა და კანადის სახელმწიფოებმა ერთად უზრუნველყვეს მთლიანი დახმარების ნახევარზე მეტი; გარდა ამისა, ალიანსის ევროპელმა წევრებმა მიიღეს დაახლოებით ხუთი მილიონი ლტოლვილი უკრაინიდან.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სრულმასშტაბიანი ომი არის „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისი“ და პირდაპირი საფრთხე მთელ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგისთვის.
მარტის დასაწყისში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს, უკრაინას ალიანსის მოკავშირეებისგან გაწეული დახმარების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 150 მილიარდ ევროს შეადგენს.