სექსუალური შევიწროება უდიდესი სიბინძურეა და არაფრით არ მართლდება! ის მორალურად ანადგურებს ადამიანს! ასეთ სიბინძურეს არც პოლიტიკური კონტექსტი აქვს და არც პრეფერენციები, ყველა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს! - ამის შესახებ „ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „პოსტივის“ დამფუძნებლის, შალვა რამიშვილისადმი გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.
„ჩემი უპირობო სოლიდარობა მაკო ჯაბუას, იმიტომ, რომ მაგარი გოგოა, იმიტომ, რომ გაბედა, იმიტომ, რომ ძალიან რთულია და მან ეს შეძლო. მადლობა ამ ნაბიჯისათვის, მხოლოდ ასე გახდება ეს საზოგადოება იმაზე უკეთესი ვიდრე ის არის. აგრეთვე სოლიდარობა ყველა სხვა ქალს, ვინც ამ „ტროლის“ შევიწროების მსხვერპლი იყო. აგრეთვე, ჩემი სრული სოლიდარობა ჟურნალისტ გვანცა ბუდაღაშვილს, ანანია გაჩეჩილაძეს და მსახიობ ანანო იაშვილს!,“ - აცხადებს დათუნაშვილი.
ის ასევე საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „წილოსანი არის უპრინციპო, რომელმაც საჭირო დროს არ დაიცვა ის ქალები, ვისაც ეს სჭირდებოდა“.
„ახლა მინდა მხოლოდ ერთ ადამიანს მივმართო, ვისი პოზიციაც შემაძრწუნებელი იყო დღეს - ქალბატონი წილოსანი პარლამენტში გენდერულ საბჭოს ხელმძღვანელობს, ყელმოღერებული საუბრობს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, მოწყვლადობაზე, ქალთა უფლებებზე და დღეს აი, ეს თქვა ამ ფაქტზე! ქალბატონო ნინო, ტრაგიკულია, რომ ემპათიისგან და სოლიდარობისგან იმდენად დაცლილი ხართ, რომ ეს გოგონა და სხვები არ დაიცავით! ეს კაცი, რომელიც თქვენი ჯიბის სასამართლოს ორმა ინსტანციამაც კი სექსუალურ მოძალადედ ცნო და ასეთი კაცის დაგმობასაც კი ვერ ბედავთ, რადგან ის თქვენი ბატონ-პატრონის საყვარელი პროპაგანდისტია!
გავა ძალიან ცოტა ხანი ქალბატონო ნინო, თქვენ აღარ იქნებით ხელისუფლებაში და თქვენს შესახებ მხოლოდ ორი რამ ემახსოვრება ხალხს: ის რომ ხართ მოღალატე, რადგან რუსულ კანონს დაუჭირეთ მხარი და ის რომ ხართ უპრინციპო, რომელმაც საჭირო დროს არ დაიცავით ის ქალები, ვისაც ეს თქვენგან სჭირდებოდათ,“ - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.