დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ზუგდიდში, ტექნოპარკში დასაქმების ფორუმი გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც, მსხვილი კომპანიების, ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში, 20-ზე მეტ კომპანიას 250-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდა წარმოდგენილი.
ფორუმზე, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია. უწყების ცნობით, ფორუმზე წარმოდგენილი ვაკანსიების გაცნობა სამუშაოს მაძიებლებს სახელმწიფო სააგენტოს ზუგდიდის სერვის- ცენტში შეუძლიათ, სადაც სააგენტოს კონსულტანტები მათ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამეგრელოს- ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სამინისტროში აცხადებენ, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს მუდმივად ატარებს და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს სამსახურის პოვნის შესაძლებლობას აძლევს.
მიმდინარე წელს, უკვე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმების ფორუმების ჩატარება, მათ შორის ტურიზმის სექტორისთვის აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.