რესპუბლიკურ საავადმყოფოს ხელი არ უნდა ახლონ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესორმა, ლევან მეტრეველმა რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაძლო დანგრევის დაანონსებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევა შეიძლება ვიღაცის ინტერესებს ემსახურებოდეს, რომელსაც ეს ადგილი საინვესტიციო წერტილად მოეწონა.
„უკვე რამდენიმე თვეა ამ საავადმყოფოს შესახებ საუბარი მიდის მთავრობაში, შიგნით, კულუარებში. საუბარია იმაზე, რომ ის უნდა დაიხუროს, შენობა უნდა დაინგრეს. დიდი ალბათობით, ვიღაცას მოეწონა ეს ადგილი საინვესტიციო წერტილად, სადაც რაღაც ბიზნესებს განავითარებს“, - აღნიშნა მეტრეველმა.
მისივე განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, გარდა სამოქალაქო დანიშნულებისა, სამხედრო დანიშნულება აქვს.
მან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც შეიძლება, რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევით გაჩნდეს.
„პირველი, ამ საავადმყოფოს ხელი არ უნდა ეხლოს, პირიქით, ის უნდა განვითარდეს და გადაიქცეს ეროვნულ და რეგიონულ რეფერალურ ცენტრად. მეორე, ამ საავადმყოფოს, გარდა სამოქალაქო დანიშნულებისა, აქვს სამხედრო დანიშნულება და ჩვენ, როგორც ომით დაზარალებულმა ქვეყანამ, ეს ყველაფერი კარგად ვიცით. მესამე, ამ საავადმყოფოს დაკეტვა მინიმუმ 1000 ადამიანის გათავისუფლებას იწვევს, ამიტომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პირველ რიგში, სრულ თანადგომას უცხადებს ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ამ გადაწყვეტილებით დაიჩაგრონ. ვგულისხმობ, სამედიცინო და ტექნიკურ პერსონალს. ჩვენ მათ გვერდით ვართ. ჩვენი კარი მათთვის ღიაა. მობრძანდნენ ნებისმიერ დროს და ყველანაირად დავეხმარებით,“ - განაცხადა მეტრეველმა.
ამასთან, ლევან მეტრეველმა მთავრობას და საავადმყოფოს ადმინისტრაციას, დონორების მოძიების საკითხში, დახმარება შესთავაზა.
„ჩვენ ვთავაზობთ მთავრობას და საავადმყოფოს ადმინისტრაციის დახმარებას, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ, მე მაქვს პირადად ამის გამოცდილება და ჩვენს ჯგუფში ძალიან ბევრ ადამიანს, რომ მოვიზიდოთ დონორული სახსრები, რომ ეს საავადმყოფო რეაბილიტირდეს ისე, რომ მან სრული მასშტაბით იმუშაოს,“- განაცხადა ლევან მეტრეველმა.