რუსეთის თავდასხმები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტის დროს იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზებს არ ეძებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.
კირბიმ "ირონიული" უწოდა, რომ პუტინმა და სი ძინპინმა გააკეთეს განცხადებები გაერო-ს წესდების პატივისცემის და საომარი მოქმედებების დასრულების "მშვიდობიანი გადაწყვეტილებების" ძიების აუცილებლობის შესახებ, ხოლო მეორე დღეს რუსეთის ფედერაციამ უპილოტო თვითმფრინავები და ფრთოსანი რაკეტები გაუშვა უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ.
„პუტინს, რა თქმა უნდა, არ შეუცვლია თავისი ტაქტიკა მშვიდობისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ „ამაღლებული“ რიტორიკის შემდეგ. პუტინი აგრძელებს უკრაინელების დახოცვის ახალ სასტიკ საშუალებებს და ცდილობს ეფექტურად გაანადგუროს უკრაინული ქალაქები, წაშალოს უკრაინა რუკიდან, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო,“- აღნიშნა კირბიმ.
22 მარტს, რუსეთის ფედერაცია უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს დრონებითა და რაკეტებით დაესხა თავს. ზაპოროჟიეში რუსებმა რაკეტებით ორი მაღალსართულიანი შენობა დააზიანეს, კიევის ოლქის ქალაქ რჟიშჩევში კი დრონებით თავდასხმის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა.