ამ ტიპის საბრძოლო მასალა საკმაოდ გავრცელებულია და ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება, - ასე უპასუხა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ შეკითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის კომენტართან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, ბრიტანეთის გეგმა, უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვები მიაწოდოს, ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„ამ ტიპის საბრძოლო მასალა საკმაოდ გავრცელებულია და ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება. ვფიქრობ, ის, რაც აქ რეალურად ხდება, არის ის, რომ რუსეთს უბრალოდ არ სურს, რომ უკრაინამ გააგრძელოს მისი ტანკების მწყობრიდან გამოყვანა. თუ ეს მართლაც შემაშფოთებელია - თუ რუსებს ძალიან აღელვებთ, რომ მათი ტანკები გამართულ მდგომარეობაში დარჩნენ, მათ შეუძლიათ უბრალოდ გაიყვანონ ისინი უკრაინიდან; ეს იქნება ჩემი რეკომენდაცია, თუ ისინი შეშფოთებულნი არიან იმით, რომ თავიანთ ტანკებს საფრთხე ემუქრებათ“, - აღნიშნა ჯინ კირბიმ.