შალვა ხაჭაპურიძე - „ვივამედის“ განცხადება მიხეილ სააკაშვილისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო, მას მოლოდინი აქვს, რომ კლინიკიდან გადაიყვანენ - ცეცხლის ხაზი გახსნეს

ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო - მას [მიხეილ სააკაშვილს] მოლოდინი აქვს, რომ გადაიყვანენ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ადვოკატებმა ორი კვირის წინ ექსპრეზიდენტის სამედიცინო ისტორია მოითხოვეს, რომელიც ამ დრომდე არ მიუღიათ.

„ეს განცხადება მისთვის აბსოლუტურად მოულოდნელი და გაუგებარი იყო. მან თქვა, რომ არანაირ პროცედურაზე უარს არ აცხადებს. თუ რამე მკურნალობის შემოთავაზებაა, ყველაფერზე თანხმდება. მე ავადმყოფობის ისტორია მოვითხოვე, ადმინისტრაციაში ადვოკატებს აღარ გვიშვებენ. უფრო მეტიც, ორი კვირის წინ მოთხოვნილ ავადმყოფობის ისტორიაზე დავარაშვილი გაცემაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ როცა გაწერენ მიხეილ სააკაშვილს მაშინ გავამზადებო. ერთი სიტყვით, დაცვის მხარემ არაფერი არ იცის მის გადაყვანასთან დაკავშირებით.

მას მოლოდინი აქვს, რომ გადაიყვანენ. მისი თქმით, არაფერი არ არის ამათგან გამორიცხულიო. ერთ-ერთ მკურნალ ექთანს ვესაუბრე, ესენიც გაკვირვებულები არიან ეს როგორ უნდა მოხდეს. ავადმყოფობის ისტორიას, რომელსაც ბოლო დღეებია არ გვაძლევენ, წინა ავადმყოფობის ისტორიაში არ არსებობდა არც ერთი ჩანაწერი, თავად კლინიკა „ვივამედის” მიერ, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს რამე მკურნალობაზე. საერთოდ ერთი თვეა არანაირი განცხადება არ გაგვიკეთებია, არც „ვივამედის“ და არც პენიტენციური დაწესებულების მიმართ, თავად სახელისუფლებო ტელევიზიებმა დაიწყეს, გუშინ ამაზე ატეხეს ერთი ამბავი და ბოლოს დაგვირგვინდა იმით, რომ „ვივამედმა“ ეს განცხადება გააკეთა. ჩვენ ეს ხალხი არც გაგვილანძღია და არც საყვედური გვითქვამს, თუმცა სასაყვედურო ბევრი აქვთ, რადგანაც ცეცხლის ხაზი გახსნეს, დღეიდან ვუსაყვედურებთ. სად არის თამარ დავარაშვილის დაწერილი სამედიცინო ისტორია, რომელიც მოვითხოვეთ, დაახლოებით, სამი კვირის წინ? რატომ არ უშვებენ ადვოკატებს ადმინისტრაციაში, რომ ეს დოკუმენტები მოვითხოვოთ? რატომ არ უტარდება სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა? საერთოდ რატომ არის სააკაშვილი ისეთ კლინიკაში, სადაც დემენციით მკურნალობა შეუძლებელია? მათ ფსიქიატრიულის ლიცენზია არ აქვთ. რატომ ხდება ეს დარღვევები და კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილს რატომ აწამებენ?”, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველი, შალვა ხაჭაპურიძე სახალხო დამცველისგან, ლევან იოსელიანისგან კლინიკა ,,ვივამედის” განცხადებაზე გამოხმაურებას ითხოვს.

„სახალხო დამცველმა პარლამენტიდან ვალდებულება აიღო, რომ პატიმრების უფლებებს დაიცავდა. ამ ფაშისტური განცხადების შემდეგ, რაც გუშინ კლინიკა „ვივამედმა” გააკეთა - კრასნოდარელმა ექიმმა ჩხაიძემ. სხვათა შორის, ექიმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დაუნიშნეს, მასაც კრასნოდარში უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. ე.ი. კრასნოდარმა აქაურობა წალეკა. ამიტომ ომბუდსმენი მივიდეს და გაარკვიოს რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით. ეს მისი უფლება და ვალდებულებაა. ასევე, კონსილიუმის შესვლასაც ვითხოვთ”, - აღნიშნა ადვოკატმა.

მისი განმარტებით, დღეს სტრასბურგში სარჩელი არ გაიგზავნება.

„სტრასბურგთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა რამდენიმე დღეში ჩვენს პოზიციას ამასთან დაკავშირებით გავაჟღერებთ. დღეს სტრასბურგში სარჩელის გაგზავნა არ მოხდება”, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის