ტარიელ ნაკაიძე - სოზარ სუბარმა მითხრა, რომ მე ვარ აგენტი, როცა არგუმენტი აღარ ჰქონდა, გადავიდა გინებაზე - გინებას მოჰყვა რეაქცია გინებითვე, რაც შემდეგ უკვე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

„ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად, ამოეწურა ყველა ის რესურსი, რაც პოლიტიკას ეხება და ცდილობს, საკუთარი ძალადობით მაქსიმალურად აჩვენოს პარლამენტში, რომ „აი, ჩვენ შეგვიძლია გავიტანოთ ბოლომდე რაღაცები“, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, გუშინ, საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან გადაცემაში ისაუბრა, თუ რატომ მოხდა დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ნაკაიძის თქმით, თავდაპირველად, სიტყვიერი დაპირისპირება მასსა და „ხალხის ძალის“ დეპუტატ სოზარ სუბარს შორის დაიწყო, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

„როცა პოლიტიკური არგუმენტები, პოლიტიკური აზროვნება მთავრდება, როცა რაიმე სახის მტკიცებულება არ გაქვს და საუბარი არ შეგიძლია, როცა ენის ინსტრუმენტი აღარ მუშაობს, გადადის ძალის ინსტრუმენტზე და სამწუხაროდ, ეს მოხდა გუშინ. „ქართულ ოცნებას“ ფაქტობრივად, ამოეწურა ყველა ის რესურსი, რაც პოლიტიკას ეხება და ის ცდილობს, რომ მაქსიმალურად საკუთარი ძალადობით აჩვენოს პარლამენტში, რომ „აი, ჩვენ შეგვიძლია გავიტანოთ ბოლომდე რაღაცები“.

სოზარ სუბარმა დამიძახა. მე მის წინ ვზივარ. როცა შევტრიალდი მითხრა, რომ მე ვარ აგენტი. მითხრა, „20 წელია მე შენ გიცნობ და ვიცი, რომ შენ ხარ აგენტი“. მე ვუთხარი, მე თქვენზე ვამბობ, რომ თქვენ ხართ მოღალატეები და შესაბამისად, მაქვს არგუმენტი. თქვენ რუსული კანონი შემოიტანეთ და შესაბამისად, რეაქცია საზოგადოებისა მართლა ხალხის ძალამ აჩვენა და ეს მოღალატეობრივი ქმედება დაგიდასტურათ კიდეც-მეთქი. აბა მითხარით, რატომ ვარ აგენტი და ვისი აგენტი ვარ-მეთქი. როცა არგუმენტი აღარ ჰქონდა გადავიდა გინებაზე. რა თქმა უნდა, გინებას მოჰყვა რეაქცია გინებითვე, რაც შემდეგ უკვე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა“, - განაცხადა ნაკაიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტში მომხდარი დაპირისპირებისას, „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ზურგში ჩაარტყა. მოგვიანებით, ნაკაიძეს სხდომათა დარბაზში დამონტაჟებული მიკროფონი, უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა, ლევან მგალობლიშვილმა ესროლა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა