ექსპერტიზის ახალი დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ შესრულებული სამუშაოების პროექტთან შეუსაბამობა არ ფიქსირდება, რომელიც დამდგარ ტრაგედიასთან კავშირშია, - ამის შესახებ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, დღემდე, პროკურატურას არც ერთი დასკვნა არ აქვს წარმოდგენილი, რომელიც პროექტსა და შესრულებას შორის ისეთი სახის შეუსაბამობას დაადასტურებდა, რაც ტრაგედიასთან კავშირში იყო.
„ძალიან სამწუხაროა, რომ პროკურორი, ზეპირ განცხადებებს აკეთებს, რომელიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ შეესაბამება. ჩემ მიერ წარდგენილი ახალი ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს იმაზე, რომ შესრულებული სამუშაოების პროექტთან შეუსაბამობა არ ფიქსირდება, რომელიც დამდგარ ტრაგედიასთან კავშირშია. ტრაგედიის გამომწვევი შეუსაბამობა პროექტსა და შესრულებას შორის არ ფიქსირდება. ეს პირდაპირ მითითებულია ექსპერტიზის დასკვნაში. პროკურორი ეჭვებით საუბრობს მაშინ, როცა უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მტკიცების მოვალეობა მას ეკისრება, ანუ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც 100%-ით ადასტურებს მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. დღემდე, პროკურატურას არ წარმოუდგენია არც ერთი დასკვნა, არც ერთი ჩვენება, რომელიც დაადასტურებდა პროექტსა და შესრულებას შორის ისეთი სახის შეუსაბამობას, რომელიც ტრაგედიასთან კავშირში იყო.
რაც შეეხება რელეს, პროკურორის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, არც უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, იმას, რაც არ იყო პროექტში, თვითნებურად ვერავინ გააკეთებდა, მაგრამ თვითონ მოწყობილობა, რაც ამ მთლიან ობიექტს აკონტროლებს, ეს მოწყობილობა შეიცავდა ინტეგრირებულ მექანიზმს, რომელიც ასრულებდა რელეს ფუნქციას. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილი აქვთ, რომ ასეთი რელე არ იყო. თუ ჩვენი არგუმენტები სასამართლომ არ მოისმინა და სამართლიანობა არ გამოიჩინა, რაღაც ეტაპზე, იძულებული გავხდებით, ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ.
რაც შეეხება დამიწებას, დღეს წარმოდგენილი დასკვნის შესაბამისად, ელექტრო ტუმბოს დამიწება ჰქონდა, თუმცა, ფაქტია, რომ ტრაგედია მოხდა, რაც ძალიან სამწუხაროა. რატომ არ იმუშავა დამიწებამ, გარკვეულმა მექანიზმებმა, ამაზე პასუხები პროკურორს წარმოდგენილი არ აქვს, ჩვენც გვაინტერესებს პასუხები. მთავარია ის, რომ სასამართლომ ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ აჩვენა ის მინიმალური სამართლიანობა, რომელსაც ჩვენ ველოდებოდით. მაგალითად, მოსამართლემ წინასწარ გამოხატა აზრი ისე, რომ ექსპერტის დასკვნას გაცნობილიც არ იყო - თქვა, რომ ეს დასკვნა არ შეცვლიდა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ნაწილ მათგანს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება დაუმძიმა. კერძოდ, ბრალი დაუმძიმდათ - "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს ნუგზარ ქიტიაშვილსა და ამავე კომპანიის ექსპერტს დავით თუშიშვილს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).