ტარიელ ნაკაიძე - ქართველი ხალხის მიერ კუთხეში მიყენებული პარტიის ლიდერები ცდილობენ ჩემი და მუსლიმი თემის დისკრედიტაციას - მათი დამოკიდებულება სახიფათოა და მოვუწოდებ, გონს მოუხმონ

ქართველი ხალხის მიერ კუთხეში მიყენებული პარტიის ლიდერები ცდილობენ ჩემი და მუსლიმი თემის დისკრედიტაციას - მათი დამოკიდებულება სახიფათოა და მოვუწოდებ, გონს მოუხმონ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის სხვა წევრების განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ამის საშუალებას მათ არ მისცემენ.

„ქართველი ხალხის მიერ კუთხეში მიყენებული, სახეჩამოშლილი, „გაფარჩაკებული“ პარტიის ლიდერები კობახიძე, მდინარაძე და სუბარი ორი დღეა ცდილობენ ჩემი და იმ თემის მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინონ, რომლის წარმომადგენლებიც ვართ. ეს დამოკიდებულება არის ძალიან სახიფათო, ეს არის მარგინალიზაციის, დისკრედიტაციის ნიშნები, მოვუწოდებ მათ გონს მოუხმონ, სწორად შეაფასონ მოვლენები და ჰქონდეთ საშუალება და შანსი, რომ საკუთარ მოქალაქეებს გაუსწორონ თვალი. თუ მათ ჰგონიათ, რომ საქართველოში მცხოვრები მუსლიმების, ეთნიკური უმცირესობების და სხვა უმცირესობების დაცვა არის „მძიმე რეპუტაცია“, ეს ნამდვილად მათთვის შეიძლება იყოს მძიმე და ეს არის სერიოზული დაგმობის საგანი. მე დღეს ამ ბრიფინგით ვასრულებ ამ თემაზე საუბარს, არ მივცემ მათ შანსს, რომ მართლაც რეპუტაცია შეელახოს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, ხმა ჩაეხშოს საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელიც იცავს უფლებებს. ვაფრთხილებ, გონს მოეგონ და სწორად იმოქმედონ, ამ ყველაფერს აქვს საფრთხის ნიშნები, კარგად უნდა დაფიქრდნენ არ ყველაფერზე, გაიაზრონ, ვის ესხმიან თავს და რატომ. ეს ქვეყანა არის მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური და ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ყველამ ერთად თანაბარი უფლებებით და მე მინდა ამის ერთგვარი გარანტია ვიყო და მაქსიმალურად ვიბრძოლო, რომ ეს მრავალფეროვნება განმტკიცდეს“, - განაცხადა ნაკაიძემ.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რას ნიშნავს, ამ საკითხზე სახალხო დამცველის დუმილი და აღნიშნა, რომ ომბუდსმენთან არსებულ საბჭოს აქვს ამაზე პოზიცია და რამდენადაც აქვს ინფორმაცია საკუთარ სათქმელს იტყვიან.

„ეს თემა არ არის მარტივი, ვფიქრობ, ყველა მიმართულებით, ისევე როგორც სახალხო დამცველმა და მე ვიცი, მასთან არსებულ საბჭოს აქვს თავის დამოკიდებულება და იტყვის ალბათ სიტყვას, ასევე ბევრი სხვა მექანიზმი არის მნიშვნელოვანი, რადგან საქმე ეხება საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებს, მის რეპუტაციას და მისი მარგინალიზაციის მცდელობას, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, შევეწინააღმდეგებით, ვინც არ უნდა დაგვიდგეს წინ. ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, გვახსოვს, როგორ მოხერხეს ჭელის მინარეთი და როგორ მოვატანინეთ უკან. იცოდნენ რომ იბრძოლებთ ყველა იმ გზით, რაც დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას სჭირდება”, - განაცხადა ნაკაიძემ.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე მომხდარ გუშინ დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ტარიელ ნაკაიძეს აქვს მძიმე რეპუტაცია" და როცა კოლეგებს მოღალატეებს უწოდებს, მის მიმართ "ხავერდოვანი დამოკიდებულება" რომ ვერ ექნებათ, მისთვის ეს გასაგებია. გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის მაგიდაზე დამონტაჟებული მიკროფონი ნაკაიძეს ზურგში ჩაარტყა. სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, „ხალხის ძალის“ დეპუტატები მის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ ოპოზიციონერ კოლეგებს "აგენტებს" ეძახდნენ და ვითარების გამწვავებაც ამან გამოიწვია.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო