ვადასტურებ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიის გასხვისება და აქ სხვა პროექტის განხორციელება ნამდვილად არ არის არანაირ სტრატეგიულ გეგმაში შემავალი, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ზაზა ავალიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამთავრობო გეგმა მუშავდება, რომ ამავე ტერიტორიაზე ფუნქციონირებას განახლებული რესპუბლიკური საავადმყოფო შეუდგეს.
როგორც კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, „თუ ამის აუცილებლობა დადგება, კოლექტივის იმ წევრებს, რომლებიც მრავალი წელია მუშაობენ, ღირსეული კომპენსაცია მიეცემათ, მაგრამ ღირსეული სამუშაოს შეთავაზებაც გაკეთდება“.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და დავადასტურებ იმ განზრახვას, რაც გაჟღერებული იყო სამინისტროს მიერ. მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრძანა, რომ არანაირი გეგმა იმის შესახებ, რომ აი, ამ ტერიტორიაზე, ამ ლოკაციაზე რაიმე სხვა ტიპის საინვესტიციო პროექტი განხორციელდება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო გაიყიდება როგორც ქონება და აქ სხვა რამ აშენდება, ასეთი განზრახვა არ არსებობს. ეს მე კოლექტივს დღეს შეხვედრაზე დავუდასტურე,“ - განაცხადა ავალიანმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა ისიც, რომ ადმინისტრაციული რეორგანიზაციის ბრძანება გამოცემულია, მაგრამ მისი თქმით, ეს არ ნიშნავს არც ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამსახურის ლიკვიდაციას.
„საკითხი ეხება გარკვეული სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციას. მოგეხსენებათ, საშტატო რეორგანიზაცია ყოველთვის თანმდევია იმ პროცესების, რაც ხორციელდება კოლექტივში. ეს დინამიური, ცოცხალი პროცესია. ეს არ ნიშნავს არც ერთი კლინიკისთვის საჭირო სტრუქტურული ერთეულის თუ ფუნქციონალის გაუქმებას და არ ნიშნავს არც ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამსახურის ლიკვიდაციას. საუბარი ეხება პროპორციას, რომელიც უნდა იყოს დაცული იმისთვის, რომ შრომის ეფექტურობა იყოს სწორი და მიზანმიმართული,“ - განაცხადა ზაზა ავალიანმა.