თუ ჩვენს თანამშრომლობაში არ იქნება შეფერხება ან სტაგნაცია, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული უკრაინის გამარჯვებაზე, გამარჯვებას წელსვე მოვიპოვებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სხდომაზე ონლაინ ფორმატში საუბრისას განაცხადა.
„არავინ იცის დანამდვილებით რამდენ ხანს გაგრძელდება ომი და რომელი ბრძოლები მოგვიტანს უფრო სწრაფ წარმატებას და რომელს მეტი ძალისხმევა დასჭირდება. მაგრამ ცხადია, რომ თუ ჩვენს თანამშრომლობაში არ იქნება შეფერხება ან სტაგნაცია, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა მტკიცედ იქნება ორიენტირებული უკრაინის გამარჯვებაზე, გამარჯვებას წელსვე მოვიპოვებთ. დრო მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თვეები და კვირები, არამედ დღეებიც. რაც უფრო სწრაფად ვიმოქმედებთ ერთად - მით მეტ სიცოცხლეს გადავარჩენთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა დაასახელა ხუთი ძირითადი საფრთხე, რომელიც უკრაინასა და ევროპას კიდევ უფრო აშორებს მშვიდობის მიღწევასა და ომის დასრულებისგან.
კერძოდ, მისი თქმით, ეს არის უკრაინის არმიისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და თანამედროვე თვითმფრინავების მიწოდების შეფერხება, ახალი მკაცრი სანქციების პაკეტების მიღების შეფერხება, უკრაინის მშვიდობის ფორმულის განხორციელებისა და „მშვიდობის სამიტის“ ორგანიზების შეფერხება და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის შეფერხება.
აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სამიტზე ონლაინ ფორმატში „უკრზალიზნიციას“ მატარებლიდან ისაუბრა.
„მოხარული ვარ, მოგესალმოთ დღეს, როგორც ყოველთვის, მაგრამ ოდნავ განსხვავებულ ფორმატში. ვსტუმრობ ქალაქებს, რომელთა დანგრევას რუსეთი ცდილობს. დონბასის ქალაქები, ჩვენი ხარკოვი - აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ცენტრი, ჩვენი ხერსონი - უკვე გათავისუფლებული არიან რუსული ოკუპაციისგან, მაგრამ რუსეთის ტერორისტულ დარტყმებს განიცდიან“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი გუშინ გაიხსნა. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ესწრებიან. შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომი და ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის მხარდაჭერის გაგრძელებაა.