აშშ-მა და კანადამ თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც არაოფიციალურ სასაზღვრო პუნქტებიდან მიგრანტების გაბრუნებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას BBC-ი სხვადასხვა მედია საშუალებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო შეთანხმების შესახებ დღეს, ბაიდენის ოტავაში ვიზიტის დროს განაცხადებენ.
შეთანხმება, სავარაუდოდ, საშუალებას მისცემს ოფიციალურ პირებს საზღვრის ორივე მხარეს, რომ თავშესაფრის მაძიებლები უკან დააბრუნონ.
ამ ნაბიჯის მიზანი ნიუ-იორკის შტატსა და კვებეკის პროვინციას შორის მდებარე არაოფიციალურ გადასასვლელზე, Roxham Road-ზე მიგრანტების ნაკადის შეზღუდვაა.
ამასთან, შეთანხმების ფარგლებში, კანადა შექმნის ლტოლვილთა ახალ პროგრამას 15 000 მიგრანტისთვის, რომლებსაც სურთ, დევნისა და ძალადობისგან დასაცავად თავი სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკას შეაფარონ.